საზოგადოება
თეა წულუკიანი მორწმუნეებს შეხვდა

sazogadoeba2-religia1საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმიო. ID ბარათთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მორწმუნეებს შეხვდა.

ელექტრონული პირადობის მოწმობების, იგივე ID ბარათების წინააღმდეგ ორასამდე მართლმადიდებლურ ტაძარში 30 ათასი ადამიანის ხელმოწერა შეგროვდა. ორგანიზაცია „მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეხსიერების ბარათიანი მოწმობები კონტროლის მექანიზმს შეიცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მინისტრი მათ შეხედულებებს გაიზიარებს და ალტერნატიულ მექანიზმებს შეიმუშავებს. „მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებული“ მიიჩნევს, რომ  ქვეყანაში ე.წ ჩიპიანი და ელექტრონული ბარათების ალტერნატივა უნდა არსებობდეს, რათა განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების უფლებები არ შეილახოს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი შეხვედრამდე გააკეთა და განაცხადა, რომ  მსგავსი სახის შეხვედრა პირველად იმართება. იგი მოსაზრებებსა და მოთხოვნებს მოისმენს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით დათუაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ ახალი ტიპის ბარათების შემოღება ცალმხრივად მოხდა, რაიმე შეხვედრა ან საზოგადოების გამოკითხვა ჩიპიან პასპორტებსა და ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

დეკანოზი დავითი მიესალმება ამ შეხვედრის მოწყობას, მკვდარი წერტილიდან მოძრაობის დაწყებას და აღნიშნავს, რომ მსგავს შეხვედრებზე საკითხი განიხილება როგორც საღვთისმეტყველო კუთხით, ისე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ.

როგორც მამა დავითმა აღნიშნა, გუშინდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა. მსგავსი შეხვედრები მორწმუნეებსა და იუსტიციის მინისტრს შორის კვლავ გაიმართება, ჩატარდება კვლევები როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მხრიდან.