საზოგადოება
ენერგეტიკის სამინისტრო ახალი პროექტის – „უსაფრთხო ზამთარი“ – განხორციელებას იწყებს

kalaZe-sazogadoeba1საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ ერთად ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის პრეზენტაცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა ანი თაქთაქიშვილმა გუშინ გამართეს.

პროექტის ფარგლებში, კომპანია თბილისის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების უფასოდ შემოწმებას სთავაზობს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შექმნილია ცხელი ხაზი 220 04 05, სადაც მოქალაქეებს კომპანიის საავარიო სამსახურის გამოძახება საცხოვრებელ სახლში 24-საათიან რეჟიმში შეეძლებათ.

ზამთრის პერიოდში ხშირდება გაზის დანადგარების გაუმართაობით გამოწვეული უბედური შემთხვევები, ამიტომ სამინისტრომ კომპანიასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ბიზნესცენტრში შეიქმნას დამატებითი ბრიგადები, რომლებიც ცხელ ხაზზე შემოსულ თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება მერიის სპიკერმა ბაჩო დოლიძემ გააკეთა: „მივესალმებით ყველა იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ მიერ იყო წამოწყებული, თუმცა, უხერხულად გვეჩვენება, როდესაც ხდება კონკრეტული პროექტის ისე შეფუთვა, ვითომ ისინი არიან ავტორები“.