საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. შსს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღემდე პატრულის მიერ ქრთამის აღების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შსს მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ თუ კი რაიმე მსგავსი ფაქტი იქნება დაფიქსირებული, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ნომრებზე: 241 88 24; 241 88 81 და პირადად მინისტრს.მინისტრის ბრძანებით, იანვრის ბოლოს ამოქმედდება ცხელი ხაზი და ყველა მოქალაქეს შეეძლება, 24 საათის განმავლობაში შეუფერხებლად მიაწოდოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
„მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე, ამგვარი განცხადებები ემსახურება პოლიციისა და, მთლიანად, სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
აქვე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს არცერთი რაიონის პოლიციის უფროსად არ დანიშნულა თანამშრომელი ზედმეტსახელად „ყულაბა“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი ფაქტების დაფიქსირებისა და სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში პოლიციის უფროსად „ყულაბას“ დანიშვნის შესახებ გუშინ ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სამეგრელოში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებების თემაზე საუბრისას განაცხადა.