აქტუალური
აბაშის დაპირისპირება თბილისში გრძელდება

abaSa-aqtuaa3საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. აბაშის ახალ გამგებლად საკრებულომ გოჩა ჭანტურია აირჩია. ხმაურით დაწყებული გუშინდელი სხდომის ჩაშლა კენჭისყრის დროს აქციის მონაწილეებმა და მოშიმშილეებმა სცადეს, თუმცა სამართალდამცველთა მიერ აქციის მონაწილეების გაძევების შემდეგ საკრებულომ კენჭისყრა განაახლა და გოჩა ჭანტურია 23-დან 19 ხმით გამგებლად აირჩია.

ის უკვე შეხვდა თავისი აპარატის თანამშრომლებს და სამუშაო გეგმებზეც ესაუბრა. ირაკლი რუხაძის მხარდამჭერები კი აქციას და შიმშილობას კვლავ აგრძელებენ და გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ.

კახა მიქაიას („დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელი) განცხადებით, მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ არა თუ „ქართული ოცნება“, არამედ სააკაშვილი, გოროზია, ახალაია უჭერთ მხარს“.

როგორც როლანდ შონია (საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) აცხადებს, „სხდომას არ აქვს ლეგიტიმაცია. ესაა ბანდიტების ხროვა, ყაჩაღურად შემოჭრილი საკრებულო მისი თავმჯდომარით, ის ხალხთან კავშირში არ არის“.

დღეს აბაშის გამგებლად გოჩა ჭანტურიას დანიშვნას სახელმწიფო კანცელარიასთან აპროტესტებენ. 
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, ახლად არჩეულმა გამგებელმა გოჩა ჭანტურიამ თანამდებობა დატოვოს: „ჩვენ ვაპროტესტებთ გოჩა ჭანტურიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის არის „ქართული ოცნების“ რჩეული. ვითხოვთ სახელმწიფო კანცელარიიდან ,გაგვცენ პასუხი, ნამდვილად იყო თუ არა გოჩა ჭანტურია „ქართული ოცნების“ წევრი. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რომ ჭანტურია არ დარჩეს ამ თანამდებობაზე, რადგან მისი დარჩენით აბაშაში ხელისუფლებაში რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“.