რელიგია
ეპისკოპოსი კირილი: „თქვენი პატრიარქი დიდ საქმეს აკეთებს"

kirik-sazog3-relig1საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ინტრონიზაციის 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად 10-14 იანვარს საზეიმო ღონისძიებები ტარდება, რომლებზეც მოწვეული არიან უცხოელი სტუმრები. სტუმრებს შორის არიან მაღალი იერარქები კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, სერბეთის, რუსეთის და სხვ. საპატრიარქოებიდან. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მისალოცად ჩამობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმიდესი ბართლომე პირველი.

იუბილესთან  დაკავშირებით დღეს თბილისს ბულგარეთის, სერბეთისა და პოლონეთის საპატრიარქოს დელეგაციები ესტუმრნენ. სტუმრებს საქართველოს ეკლესიის, წმიდა სინოდის წევრები დახვდნენ. დღესვე იგეგმება მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველის ვიზიტი საქართველოში. სასულიერო პირები მონაწილეობას მიიღებენ სადღესასწაულო ღვთისმსახურებასა და საიუბილეო ღონისძიებებში.

„მიხარია, რომ ახლაც შევძელი ჩამოსვლა და პატრიარქის 80 წლისა და აღსაყდრების 35 წლის საიუბილეო დღეებში ვიღებ მონაწილეობას. თქვენი პატრიარქი დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნების ეკლესიების ურთიერთობისა და საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის. მინდა, მივულოცო მას იუბილე და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, – განაცხადა ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსმა კირილმა.