სამართალი
თეა წულუკიანი: „მაინც ჩავატარებ სასამართლო რეფორმას!“

Tea-samarTaa3საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლო რეფორმის განხორციელებას აპირებს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა და სათანადო ნაბიჯიც გადადგა. კერძოდ, როგორც მინისტრი ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა ორგანიზებული თათბირის დროს გასცა განკარგულება, რომ შეიქმნას გარკვეული ჯგუფი იუსტიციის მინისტრის ნერვების მოსაშლელად. „მაგრამ მე ნერვები არ მეშლება. მე ვარ ძალიან გახარებული. როგორც ჩანს, გავაღიზიანე პრეზიდენტი იმით, რომ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა“, – ამბობს მინისტრი და იქვე დასძენს, რომ პრეზიდენტი ამით შეშფოთებული და შეშინებულია და სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.

„როგორი შავი და უსაფუძვლო პიარიც უნდა ააგოროს ჩემ წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მაინც ჩავატარებ სასამართლო რეფორმას, მაინც დადგება ძალიან მალე დრო, როცა კოტე კუბლაშვილი არ იქნება მართლმსაჯულების ყველა რგოლის მაკონტროლებელი და უსამართლო სასამართლოს ფუძემდებელი“, – აცხადებს წულუკიანი.

მისი განცხადებით, „ეს რეფორმა ალექსანდრე ბარამიძისა და სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის დამსახურებაა. კანონპროექტი მალე კანონად იქცევა და პირველ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ, სავარაუდოდ, გაზაფხულზე, სამართლიანი პროცესები ჩატარდეს“.

ამასთან, თეა წულუკიანი გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ თინათინ ბოკუჩავას დაინტერესებას მის მიმართ – იღებს თუ არა თეა წულუკიანი რჩევებს მამისგან – „ყველაზე სისხლიანი მოსამართლისგან, რომელსაც 20 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი“.

მინისტრის განმარტებით, ის მამისგან არანაირ პირად და საქმიან რჩევას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება „90-იან წლებში მოქმედი კანონით, თუ პოლიციელის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ხდებოდა, ერთადერთი სასჯელი იყო დახვრეტა. მამაჩემს ასეთი სასჯელი შეუფარდებია, მათ შორის, ცნობილ კორნელი ჩავაძის საქმეზეც, როცა შსს-ს მაღალჩინოსანს ქვემდებარე პირი შეეჭრა კაბინეტში და სამი ტყვია დაახალა. სასჯელის უმაღლესი ზომა იმ კოლეგიასაც აქვს შეფარდებული, რომელსაც მოსამართლე წულუკიანი ხელმძღვანელობდა, დახერხილი გვამების საქმეზე, სადაც ორი ადამიანი იქნა მოკლული თანამდებობის პირების მიერ კორუფციული სქემის ფარგლებში, გვამები იქნა დახერხილი და გადაყრილი ნაგავსაყრელზე, როგორც მალფუჭებადი ჰუმანირატული ხორცი“... და დასძენს, რომ მოსამართლე წულუკიანი მაშინ მოქმედი კანონის ფარგლებში მოქმედებდა და სასჯელი ყოველთვის იყო პროპორციული.

წულუკიანის განმარტებით,  „ძველი კანონი რომ ყოფილიყო ძალაში გირგვლიანის პროცესისას, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის საქმეებზე, ალბათ, ძველი კანონით დადგებოდა, სამწუხაროდ,  ის განაჩენი, რაც განაჩენიც დადგა დახერხილი გვამების შემთხვევაში“.