პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპას ეწვევა

fanjikiZe-politika3საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 10-15 იანვარს ვიზიტით ეწვევა ლიტვას, ლატვიასა და ჩეხეთს. ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს თავის კოლეგებსა და ასევე, ამ ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან.

ამასთან, ლიტვაში ვიზიტისას დაგეგმილია ფანჯიკიძის სიტყვით გამოსვლა ვილნიუსში, აღმოსავლეთევროპული კვლევების ცენტრში, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თემებზე. ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ 2013 წელს საქართველოსა და ლიტვის კომისიების მოქმედების გეგმას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ტრაკაიში გამართულ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტთა ყოველწლიურ შეხვედრა “Snow Meeting”-ში.

ლატვიაში ვიზიტისას იგეგმება ქართველი მინისტრის სიტყვით გამოსვლა ლატვიის ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციაში. ყველა ქვეყანაში, რომელსაც მაია ფანჯიკიძე ეწვევა, ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენციები გაიმართება.