პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი ნატოს წევრებს საქართველოს დახმარებისკენ მოუწოდებს

riCard-politika1საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს დახმარება მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ხელს შეუწყობს მის კონტრიბუციას ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გორში სტუმრობისას განაცხადა.

ნორლანდმა დაათვალიერა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და შეხვედრა გამართა მის ხელმძღვანელობასთან. აკადემიის ბაკალავრიატის მსმენელებთან საუბარში ამერიკის ელჩი შეეხო ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას, ასევე, აშშ-ის მხრიდან აკადემიისთვის გაწეულ დახმარებას. ნორლანდმა სურვილი გამოთქვა, რომ ამ სასწავლო დაწესებულების განვითარებაში წვლილი ნატოს სხვა წევრმა-ქვეყნებმაც შეიტანონ.

ამ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში“, – აღნიშნა ნორლანდმა და დასძინა, რომ მისი აზრით, ყველა ქვეყანა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროფესიულ სამხედრო განათლებას ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბებაში.

„განათლებულ ოფიცრებს უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ ომის მოგება, არამედ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. აშშ მოხარულია, რომ წვლილი შეაქვს აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში, ასევე, ეხმარება ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ინგლისური ენის სასწავლო კურსებითა და ინსტრუქტორებით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.