უცხოეთი
თეთრმა სახლმა შესაძლოა, ავღანეთიდან ჯარი მთლიანად გაიყვანოს

amerika-ucxსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრამდე სამი დღით ადრე თეთრი სახლი იტყობინება, რომ ადმინისტრაცია არ გამორიცხავს არცერთ შესაძლო ვარიანტს და არც იმას, რომ 2014 წლის შემდეგ, როცა ავღანეთიდან ყველა უცხოური სამხედრო შენაერთი გავა, იქ საერთოდ აღარ დარჩნენ ამერიკელი სამხედროები.

აშშ და ავღანეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე ორმხრივი შეთანხმების დეტალებს განიხილავენ, მათ შორის, მასშტაბებსაც – 2014 წლის შემდეგ იქ ამერიკის სამხედრო ბაზების შესაძლო არსებობასაც. ვინაობადაუსახელებელი ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ობამამ სამხედრო სარდლობისგან რეკომენდაცია მიიღო ავღანეთში 6-20 ათასი სამხედროს დატოვების თაობაზე 2014 წლის შემდეგაც. თუმცა, იქვე იტყობინებოდნენ, რომ თეთრი სახლი ავღანეთში უფრო მცირერიცხოვანი კონტინგენტის დატოვებას გეგმავს – არა უმეტეს 3 ათასი სამხედრო მოსამსახურისა, რომლებიც ავღანელ მეომრებს გაწვრთნიან და თვალყურს მიადევნებენ, რომ „ალ-ქაიდამ“ კვლავაც არ გამოიყენოს ქვეყანა თავის ბაზად.

პარასკევს ობამასა და ყარზაის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ისა და ავღანეთის დელეგაციათა წევრებიც, მოლაპარაკებების შემდგომ კი სამუშაო სადილი და პრესკონფერენცია გაიმართება.