საზოგადოება
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. როგორც მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი აცხადებს, ბოლო ორი დღის განმავლობაში ის არაერთხელ ესაუბრა გია ხუხაშვილს ტელეფონით. „მეტიც, ბატონი გია „ობიექტივში“ მესტუმრა და ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მე ამას ვაფასებ“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
მისი თქმით, პირადად მის, მეგობრებისა და „ობიექტივისა“ წინააღმდეგ რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს აგრესიული „შავი პიარი“ და სინანულს გამოთქვამს, რომ ამაში არაერთი ჟურნალისტი და მედიასაშუალებაა ჩართული. „ამ საქმეს ხელმძღვანელობს ადამიანთა ჯგუფი, რომლის აქტიური წევრებიც (ჩემი ინფორმაციით) ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები არიან. ზოგიერთმა მათგანმა დაიბრალა ციხის კადრების მოპოვება-გავრცელების საქმეში თანამონაწილეობა და ორგანიზატორობაც კი, რაც ტყუილია და რის ხარჯზეც თანამდებობრივ წინსვლას მიაღწია. თავის დროზე ამას გავასაჯაროებთ“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.