სამართალი
პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სამ ეპიზოდზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა

oqruaSv-samarTaaa3საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სამ ეპიზოდზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს. საქმეში არსებული მასალების ანალიზის შემდეგ, მთავარი პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ ზემოხსენებულ  საქმეებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ  ირაკლი ოქრუაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები. მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და 2013 წლის 5 იანვარს ზემოხსენებულ ეპიზოდებზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლსსსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მთავარი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, კერძოდ, აღნიშნულია: „ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ  სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით ირაკლი ოქრუაშვილს  შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო დაუსწრებლად შეეცვალა – დაპატიმრებით 2 (ორი) თვის ვადით, პატიმრობის ვადის ათვლის დასაწყისად მითითებული იქნა ბრძანების აღსრულების მიზნით ბრალდებულის დაპატიმრების მომენტი.

2012 წლის 28 დეკემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების 2 (ორი) თვიანი ვადის  გაგრძელება, რომელიც აითვალა ბრალდებულის დაკავების მომენტიდან,  კიდევ 1 (ერთი) თვის ვადით.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, პროკურატურის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი ვადის გაგრძელებისათვის აუცილებელი შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, პირის დაკავების ოქმი, ხოლო ბრალდების მხარემ დაკავების ათვლის თარიღად მიუთითა ი. ოქრუაშვილის დაკავების ტელევიზიით გაშუქებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. საქმეში ოქრუაშვილის დაკავების ოქმის არარსებობის გამო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და ემსჯელა პატიმრობის გაგრძელების კანონიერებაზე, რის გამოც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

2013 წლის 3 იანვარს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა  და ითხოვა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების შეცვლა გირაოთი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ვინაიდან პროკურორის არგუმენტაცია, რომ საქმეზე დასაკითხი იყო მოწმეები, რაც ვერ ესწრებოდა  2-თვიან საპატიმრო ვადაში,  არ წარმოადგენდა ახალ არსებით გარემოებას, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ამოწურულია   2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით (1999 წლის 15 მაისის რედაქცია) შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის 2-თვიანი ვადა და რადგან პატიმრობის გირაოთი  შეცვლაზე პროკურორს ეთქვა უარი, ბრალდებული ოქრუაშვილი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დარჩებოდა არა პატიმრობაში, არამედ აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამასთან, აღსანიშნავია, ამჟამად ი. ოქრუაშვილი სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე იმყოფება პატიმრობაში და ასევე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო  უფლებამოსიალია არათუ უარი თქვას  შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, არამედ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით უარი თქვას შუამდგომლობის დასაშვებობაზე და საერთოდ არ განიხილოს აღნიშნული საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მოთხოვნილზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, არამედ უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმას.

სასამართლო ბრალდების მხარეს მოუწოდებს, ნუ გავლენ სამართლებრივი სივრციდან და სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი საჯარო განცხადებების ნაცვლად, გამოიყენონ მხარისათვის  საპროცესო კანონმდებლობით  მინიჭებული უფლებამოსილება – ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების სახით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება როგორც საპატიმრო ვადის გაგრძელების, ისე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ არ გასაჩივრებულა“.