აქტუალური
იუნესკოს სიაში ბაგრატის ტაძრის სტატუსი შეიცვლება

bagratis-taZariსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი.  ბაგრატის ტაძარი მასზე ჩატარებული რეკონსტრუქციული სამუშაობის გამო იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით აღარ იქნება. ამიერიდან მას იუნესკოს სიაში გელათის ტაძართან ერთად მოიხსენიებენ.

იუნესკოს მსოფლიოს კულტურის ძეგლების სიაში ტაძრის სტატუსის შეცვლის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას საფრანგეთში მისი ვიზიტის ფარგლებში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორმა ფრანჩესკო ბანდარინიმ აცნობა.

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარის თქმით, ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში დამოუკიდებლად აღარ იარსებებს, მას სხვა სტატუსი ექნება და გელათთან ერთად მოიხსენიება. მიზანდარმა, ასევე, აღნიშნა, რომ გელათის მონასტერი ამჟამად სიის ყველა იმ კრიტერიუმს შეესაბამება, რასაც დღეს ბაგრატის ტაძარი ვერ პასუხობს.

„იუნესკო ვერ ეთანხმება ბაგრატის დღევანდელი სახით განახლებულ პროექტს და თვლის, რომ ეს არის დარღვევა იმ კრიტერიუმებისა, რომლითაც ის შეტანილი იქნა კულტურული მემკვიდრეობის სიაში“, – აღნიშნა მიზანდარმა და იქვე დასძინა, რომ ბაგრატის ტაძრის სტატუსის შეცვლის მიზეზად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორმა სწორედ მისი რეკონსტრუქცია დაასახელა.