სამართალი
პრეზიდენტი ინვესტორებს ახალი მთავრობის პოლიტიკით აფრთხობს

dabi-samarTali1საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. როგორც საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის (CCII) პროექტების მენეჯერი დავით გოჩიაშვილი საქინფორმს ატყობინებს, ცენტრი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 7 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება არაბული საინვესტიციო დაბი ჯგუფის“ მიერ საქართველოში პროექტის შეჩერების მიზეზების თაობაზე და აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერების თაობაზე ინვესტორის მიზეზით სიმართლეს არ შეესაბამება.

რამდენადაც დაბი ჯგუფი, როგორც ინვესტორი, ქვეყანაში სწორედ ჩვენმა ცენტრმა შემოიყვანა და დიდი ხნის განმავლობაში მის საქმიანობასაც წარმართავდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინვესტორმა პროექტის განხორციელება შეაჩერა ახალი მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიზეზით, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პროექტის დაფინანსება და განხორციელება შეწყდა 2010 წლის გაზაფხულზე „დაბი ჯგუფის“ ერთ-ერთი მენეჯერის, ედვარდსის, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კორუფციული გარიგების მიზეზით. კერძოდ, აღნიშნული სახელისუფლებო კორუფციული ჯგუფი ინვესტორთა დეზინფორმირების გზით ცდილობდა და ცდილობს აღნიშნული პროექტის განხორციელებით მიიღოს სარგებელი და წარმართოს საქმიანობა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. მათი ქმედებები მიმართულია უშუალოდ ინვესტორისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

ცენტრის ინფორმაციით, განცხადება აღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით უკვე შესულია მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა ინვესტორის მიერ 5-ვარსკალავიანი სასტუმროს აშენებას, კულტურის სამინისტრომ პროექტის მენეჯერებს მისცა რეკომენდაცია ქალაქის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და იერსახესთან პროექტის შესაბამისობაში მოყვანაზე.

ცენტრის განცხადებით, „დაბი ჯგუფი“ არის საკმაოდ წარმატებული და საქართველოს მიმართ ლოიალურად განწყობილი კომპანია. „დარწმუნებული ვართ, აღნიშნული ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ხოლო პრეზიდენტის მიერ ასეთი განცხადების მიზანი არის ახალი ხელისუფლების მიმართ პოტენციური ინვესტორების უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რითაც, ჩვენი აზრით, ზარალდება არა რომელიმე მხარე, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი“, – ნათქვამია განცხადებაში.