საზოგადოება
მოსალოდნელი ცვლილებები შიდა ქართლის თვითმმართველობის ორგანოებში

qarTli-sazogadoeba2საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. დღეს დილიდან გორის გამგეობაში თათბირი მიმდინარეობს, სადაც მუნიციპალიტეტში შემავალი 27 სოფლის რწმუნებულები არიან  დაბარებული, რომელთაგან ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. მოძრაობა „პატრიოტების“ ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ზოგ მათგანს განცხადება უკვე დაწერილი აქვს, ზოგი კი ახლა აპირებს. ბევრმა მათგანმა დაადასტურა, რომ მათ პოსტების დატოვება ნებაყოფლობით მოსთხოვეს.

„ეს უკვე დემოკრატია კი არა, ანარქია და ქაოსია, მსგავსი რაღაცები პუტინის რუსეთსაც არ ახსოვს. გონს მოეგეთ, სანამ დროა, გონს მოეგეთ, თორემ ისეთ რამეს დამართებთ ქვეყანას, რასაც თაობები ვერ შეცვლიან“, – ნათქვამია მოძრაობა „პატრიოტების“ ფეისბუქის გვერდზე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ, გავრცელებული ცნობებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში რეგიონულ მუნიციპალიტეტებში თანამდებობები დატოვეს 32 გამგებელმა, 18 საკრებულოს თავმჯდომარემ და 40-ზე მეტმა რწმუნებულმა.