ივლისიდან საქართველოში მშობიარობა უფასო იქნება
საქართველო, 8 იანვარი,
საქინფორმი. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საქართველოში მშობიარობა უფასო იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძემ საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროში სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება. გარდა ამისა, გაიზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განსაზღვრული შემწეობებიც.
„ვემზადებით, რომ შემოვიღოთ ერთიანი სადაზღვევო ფონდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული პაციენტი იქნება გარანტირებული; სახელმწიფო თითოეული მოქალაქის მიმართ ვალდებულებას აიღებს, რომ ჯანდაცვის მხრივ დაცული იქნება. 1-ლი ივლისიდან მშობიარობა საერთოდ უფასო იქნება. ასევე გაიზრდა შემწეობები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ხუნდაძის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძის მონაცემებით, ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი თებერვლიდან ამოქმედდება. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო 2013 წლის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2,5 მლრდ ლარით ფინანსდება. გუგული მაღრაძის განმარტებით, აქედან ჯანმრთელობის დაზღვევაზე 600 მილიონი ლარი მიიმართება.