სამართალი
ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით ბელგიის მთავრობას მიმართა

adeiS-samarTali3საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ბელგიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა frontnews.ge ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ადეიშვილი ამ დროისათვის ბელგიაში იმყოფება. „მთავრობამ მისი წერილობითი თხოვნა უკვე დააკმაყოფილა და მას საცხოვრებელი სახლიც გამოუყვეს. ამასთან, ზურაბ ადეიშვილმა მიიღო გარანტიები იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ტიპის ბრალდების დამტკიცების მიუხედავად, მას საქართველოში ექსტრადიცია არ ემუქრება“, – აცხადებს წყარო.

მისივე ინფორმაციით, ადეიშვილი მომავალში ბელგიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 28 თებერვალს გაიმართება. საქალაქო სასამართლომ გუშინდელ სხდომაზე ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, რითაც სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით 5 იანვარს მიმართა.

იმ დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ბელგიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა.

მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი 29 დეკემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლითა და  პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით წაუყენა.