პუბლიკაციები
ნოდარ ხადური: „ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო, რომ ხალხის ფულზე ხელი არავის წაუცდეს“ – ინტერვიუ, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!

anal-NEWსაქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის კორესპონდენტი ნატა წერეთელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ესტუმრა. ბატონმა  ხადურმა საქინფორმთან ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე, არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო ნოდარ, ქართული ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა ქვეყნის ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის გამო. როდესაც მინისტრის პოსტი ჩაიბარეთ, რეალურად რა ვითარებაში იყო ქვეყნის ფინანსები?

– იმაზე მეტად მძიმე ვითარება დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა. საქართველოს ძალიან მწირი რესურსები აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. თანხები  გაფლანგულია – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. წინა ხელისუფლებამ ააშენა პარლამენტის შენობა, რომელშიც 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. შედეგად – ქუთაისს აქვს პარლამენტის შენობა და არ აქვს წყალი, ნაგავსაყრელი და სხვა ელემენტარული საარსებო საშუალებები. ერთ ფაქტს შეგახსენებთ, როდესაც ქალბატონ ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტის დროს იუსტიციის სახლი აჩვენეს, უთქვამს, რომ ამერიკაში ასეთი იუსტიციის სახლები არ არის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მართალია, ამერიკაში არ აქვთ ასეთი იუსტიციის სახლები, მაგრამ სხვა ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან.

წინა მთავრობის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ პრიორიტეტები არ იყო სწორად განსაზღვრული. ქუთაისში ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ველობილიკების მოსაწყობად, ამ დროს იქ ელემენტარული წყალგაყვანილობა არ არის. ველობილიკი ძალიან კარგია, მაგრამ, პირველ რიგში, მოსახლეობას ელემენტარული პირობები სჭირდება და მერე სხვა დანარჩენი. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმზე – აშენდა ბათუმის ცნობილი „ანბანის კოშკი“, რომელზეც  ჩემი, თქვენი და საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილი 64 მილიონი ლარი დაიხარჯა და ყოველწლიურად კიდევ 800 000 ლარი უნდა ვიხადოთ, რომ ეს შენობა შევინახოთ. ამ დროს, არც ბათუმში არ არის წყალი.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტების მოზიდვაზე, კერძო სექტორში ელემენტარული საცხოვრებელი პირობები ხომ უნდა იყოს შექმნილი?!  მოდი, ჩამოვთვალოთ, თუ რა აშენდა ბოლო წლებში საქართველოში: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი შენობა თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი შენობა მესტიაში, პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობები, იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა და სხვა. ხომ შეიძლებოდა ამ შენობებში დახარჯული თანხებით აგვეშენებინა ახალი სკოლა, საბავშვო ბაღი და ბევრი ქარხანა?! რაიონებში 20- ადგილიანი საავადმყოფოებია, რომლებშიც შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან 20 პაციენტისა და 80 ექიმის არსებობის პირობებში, ცხადია, პაციენტისთვის ძალიან ძვირია იქ მომსახურება. არ მოქმედებდა დაზღვევის მექანიზმი და ჩვენ მხოლოდ მომავალ წელს მოვახერხებთ საქართველოს მოსახლეობის დავაზღვიოთ. პენსია 110 ლარია, და ეს მაშინ, როცა 2009 წელს უნდა ყოფილიყო 100 დოლარის ეკვივალენტი. არ ხდებოდა პრიორიტეტების მიხედვით ქვეყანაში ვითარების დალაგება. ის შეზღუდული რესურსები, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, გამოდის, რომ რეალურად იხარჯებოდა არა იქ, სადაც უნდა დახარჯულიყო და მისი უკუგება – ეფექტი ეკონომიკაზე, იყო მინიმალური.  

– როგორ აპირებთ ამ ვითარების გამოსწორებას?

– ერთი რამ არის ძალზე მნიშვნელოვანი – ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო, რომ  ხალხის ფულზე ხელი არავის წაუცდეს და არავინ დახარჯოს იგი საკუთარი მიზნებისთვის. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში პირველი ვიზიტისას სააკაშვილმა  ხალხთან ერთად სამგზავრო თვითმფრინავით იმგზავრა. მას შემდეგ შეიძინა ორი დიდი თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი, კიდევ ერთი პატარა თვითმფრინავი და უამრავი რეზიდენცია აიშენა. როცა მსგავსი ტიპის ინფორმაცია ხალხისათვის ცნობილი გახდება და ამომრჩეველს ეცოდინება, რომ ვიღაც ცდილობს, მათი ფულით ფუფუნება მოიწყოს, ეს არჩევნებზე აისახება.

ჩემი კაბინეტი ყველაზე ღარიბულია საქართველოში. აქ ისეთი მინისტრები ისხდნენ, რომელთაც ზემოქმედების არანაირი ბერკეტები არ ჰქონდათ. თქვენ რომ ნახოთ სხვა მინისტრების კაბინეტები, იქ არსებული ფუფუნებით შეიძლება გაოცდეთ. ჩემს კაბინეტში ყველაფერია იმისათვის, რომ მინისტრმა იმუშაოს და სულაც არ არის საჭირო ფუფუნების შექმნა. თუკი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს გაუჩნდება იმის მცდელობა, რომ ხალხის ფულით მოიწყოს ფუფუნება, თქვენ – მედიამ, და საზოგადოებამ უნდა მიუთითოთ ამაზე.

ამასწინათ თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2012 წელს  60 წლის წინათ გამოშვებული რუსული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა, რაშიც უწყებამ უზარმაზარი თანხა გადაიხადა. ჩემი აზრით, ასეთი თემებიც უნდა გახდეს საჯარო და მოექცეს საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ძლიერი საზოგადოებრივი სექტორი, ძლიერი პრესა არის იმის გარანტი, რომ ხელისუფლება ცუდად აღარ მოიქცეს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება იქნება ძალიან კარგი; საუბარია იმის შესახებ, რომ სისტემა ისე უნდა ავაგოთ, რომ ვერც დღევანდელმა და ვერც ხვალინდელმა ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს ამ ფულის არამიზნობრივად დახარჯვა.

თქვენ, როგორც გადასახადის გადამხდელი, ხელფასიდან 20 პროცენტს უხდით სახელმწიფოს, გარდა ამისა, თქვენ მიერ შეძენილი თითოეული ნივთიდან 18 პროცენტი არის დამატებითი ღირებულების გადასახადი და სხვ. ძალიან ბევრ გადასახადს ვიხდით მე და თქვენ საიმისოდ, რომ ვიღაცამ ამით ფუფუნება მოიწყოს. ეს თანხები უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანას, ეკონომიკას და არა კონკრეტულ ჩინოვნიკებს.

ბატონო ნოდარ, რიყის პარკთან დაკავშირებით რა ეტაპზეა საქმე?

– მიმდინარეობს ძიება. სიმართლე გითხრათ, დეტალები არ ვიცი და ცხადია, არც უნდა ვიცოდე. ეს არ არის კონკრეტულად ფინანსთა მინისტრის საქმე. ვიცი, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა – რიყის პარკი გაიყიდა 7 მილიონ დოლარად. გარდა იმისა, რომ ინვესტორს ეს თანხა უნდა გადაეხადა, სხვა პასუხისმგებლობებიც აიღო – უნდა გაეკეთებინა ესტაკადა, ეზრუნა ტერიტორიის კეთილმოწყობაზე და ა.შ. 2 წლის განმავლობაში მას არაფერი გაუკეთებია.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში უძრავი ქონება მნიშვნელოვნად გაიაფდა და ამ დროს, ომიდან 3 თვეში, ქ. თბილისის მერიამ ეს ტერიტორია 17 მილიონ დოლარად უკანვე იყიდა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა – ან რატომ გაყიდეს, ან რატომ იყიდეს? საყურადღებოა გაყიდვისა და შეძენის ფასიც. ცხადია, ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ პროცესში.

– შესაძლოა თუ არა გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს?

– ვერ გეტყვით, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. კითხვები არსებობს და მათზე იმ ადამიანებს მოუწევთ პასუხის გაცემა, რომელთაც გარკვეული ინფორმაცია აქვთ. საგამოძიებო სამსახური ძალზე ეფექტიანად მუშაობს.

ერთი რამ მინდა, ვთქვა – რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის გამჭვირვალობისკენ გადადგმული ნაბიჯი. წინა მთავრობის პირობებში ფინანსური პოლიცია „ძალიან კარგად მუშაობდა“, მაგრამ იქიდან არანაირი ინფორმაცია არ გამოდიოდა – იყო ჩაკეტილი სისტემა. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ჩვენი უწყების მუშაობის შესახებ. უბრალოდ, არის თემები, როლებზეც გამოძიების დასრულებამდე ინფორმაციის გაცემა თუნდაც იმის გამო არ შეიძლება, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დავარღვიოთ.

– ბატონო ნოდარ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ საკმაოდ ბევრი დაპირება გასცა. არსებული ფინანსური რესურსებით რამდენად შესაძლებელია ამ დაპირებების შესრულება?

– „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ არცერთი დაპირება არ გაუცია, კოალიციამ ვალდებულებები აიღო და მას აუცილებლად შეასრულებს. თავისთავად ცხადია, არსებული რესურსი მწირია, ამიტომაც აღარ ავაშენებთ ახალ პარლამენტს (მოგვიწევს ძველის შეკეთება თბილისში, რადგან ვანდალური აქტი მოხდა – აგვისტოში თბილისში არსებული პარლამენტის შენობა დაანგრიეს); აღარ ავაშენებთ ახალ ძეგლებს ჭაობში – ლაზიკა მაქვს მხედველობაში; აღარ ავაშენებთ ახალ „ანბანის კოშკს“; აღარ ვიყიდით ახალ თვითმფრინავებს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრისთვის... ეს თანხა, დაახლოებით, მილიარდი ლარია.

მერწმუნეთ, საქართველოს ბიუჯეტში არსებული თანხები სრულიად საკმარისია იმ მინიმალური პაკეტისათვის, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამა ითვალისწინებს.

თებერვლიდან დავიწყებთ საყოველთაო დაზღვევას; აპრილიდან პენსია ყველა პენსიონერისთვის 125 ლარი იქნება, სექტემბრიდან კი იგი საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და 150 ლარი გახდება; ივლისიდან ყველას ექნება დაზღვევის საბაზისო პაკეტი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავზრდით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას (მიმდინარე წლის ბიუჯეტს უკვე დავამატეთ თანხები, რომ შეძენილ იქნეს ტრაქტორები). გარდა ამისა, იცით, რომ იქმნება სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდი, რომელიც განახორციელებს საწვავის, სასუქებისა და სხვა საშუალებების შეძენას.  ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს, ნაწილს კი – კერძო ინვესტორები. საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყანა გახდება.

– ბატონო ნოდარ, რა კონკრეტული გეგმები გაქვთ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით?

– ქონებას არავის წაართმევენ და კაპიტალის მფლობელი მეწარმეები ღამის 2 საათზე არ გაიქცევიან ნოტარიუსთან ამ ქონების ან სახელმწიფოსთვის, ან რომელიმე ჩინოვნიკისათვის გადასაცემად – ეს უკვე ძალზე მნიშვნელოვანია. მეორე – იგეგმება ჯარიმების შემცირება საგადასახადო კუთხით. ის 500-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მომხმარებლისთვის ჩეკის გაუცემლობის შედეგად იწერებოდა, შემცირდება.

ჩვენ მეწარმეებთან გვაქვს და გვექნება ყოველდღიური დიალოგი. საგადასახადო სისტემას მუდმივად ჰყავს ორი მხარე: ერთი მხარე სახელმწიფოა, რომელსაც აქვს სურვილი – გადასახადები სრულად ამოიღოს და ამ თანხებით დააფინანსოს ჯანდაცვა, განათლება პენსიები და ა.შ.; და მეორე მხარე – ბიზნესმენები, რომელთაც სურთ, რომ რაც შეიძლება დაბალი გადასახადები გადაიხადონ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, ეს ორი ინტერესი  შევათანხმოთ, რათა ბიზნესმენი იყოს პირნათელი ბიუჯეტის წინაშე, ხოლო სახელმწიფო მას „მათრახით კი არ დასდევდეს“, არამედ ჰარმონიულად განვითარებაში ეხმარებოდეს. ეს ძალზე რთული თემაა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხის მოგვარებას აუცილებლად შევძლებთ.

პირადად ჩემი მიზანია, გავხდეთ გადასახადის გადამხდელები, რადგან ჩვენ მიერ შეტანილი თანხებით სახელმწიფოს  საშუალება ეძლევა, სოციალურად დაუცველ თანამოქალაქეებს დაეხმაროს, ახალი გზები დააგოს, ახალი საავადმყოფოები ააშენოს, ყოველმხრივ უზრუნველყოს ჩვენი ჯარი და ა.შ. დიდი პატივია, იყო გადასახადის გადამხდელი!

ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, გადასახადის გადამხდელს ჩავუნერგოთ სახელმწიფოსთვის პასუხის მოთხოვნის უფლება და აუცილებლობა. გადასახადის გადამხდელმა უნდა გვკითხოს – ბატონო მინისტრო, ბატონო პარლამენტის წევრებო, ბატონო მთავრობის წევრებო, რაში ხარჯავთ ჩვენ მიერ გადასახადის სახით შემოტანილ ფულს? ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, როცა ადამიანს ეცოდინება, თუ რაში იხარჯება მის მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი თანხა.

– როგორია  2013 წლის ბიუჯეტი და რა პრიორიტეტები აქვს მას?

– პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 2013 წლამდე ბიუჯეტი იყო ერთ კაცზე მორგებული.  2013 წლის ბიუჯეტი კი 4 მილიონ ადამიანზეა მორგებული და ხალხის საჭიროებას მოხმარდება. პრიორიტეტული იქნება ისეთი სფეროები, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

ახალ ბიუჯეტში არ არის ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა, თვითმფრინავების შეძენა და ახალი სასახლეების მშენებლობა. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრისთვის თბილისში ახალი სასახლის მშენებლობა იგეგმებოდა? კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც ადრე აშშ-ს საელჩო იყო განთავსებული, გამალებული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის ოფისი. ცხადია, რომ ჩვენ შევაჩერებთ ამას. პრემიერ-მინისტრი შესანიშნავად მუშაობს სახელმწიფო კანცელარიაში. ასე რომ, ასეთი ტიპის ხარჯებს ჩვენ აღარ გავწევთ და პრიორიტეტი იქნება ის, რასაც  წინასაარჩევნოდ ვამბობდით (2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, – საქინფორმი).

– ბატონო ნოდარ, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ აქტუალური გახდა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების საკითხი. როგორია თქვენი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით?

– ზოგადად, ბაზრების გაფართოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი, ცოტა გლობალურად შევხედოთ ამ საკითხს. საქართველოს მწირი ეკონომიკა აქვს. ჩვენს ქვეყანაში არ არის ის მყიდველუნარიანობა, რომელიც დაგვეხმარება წარმოების განვითარებაში. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, მოვახერხოთ ჩვენი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე ექსპორტი. ჩვენ გარშემო რამდენიმე დიდი ბაზარია – თურქეთის, ევროპის, რუსეთის და ა.შ. ცხადია, ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა. ჩვენ ვმუშაობთ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპის ბაზარზე შესვლა ასე მარტივად არ ხდება. იქ არის რეგულაციები, ხარისხის კონტროლი, შრომის კანონმდებლობა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ა.შ. გარდა ამისა, ევროპელებმა არ იციან, რა არის ქართული პროდუქცია. ჩვენი ამოცანა ევროპაში შესვლაა, მაგრამ, ცხადია, ეს პროცესი დროში ოდნავ გაჭიანურდება.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფად შეიძლება მოგვარდეს და ისე, რომ დანახარჯებიც ნაკლები იყოს. რუსეთის მოსახლეობამ იცის, რა არის ქართული პროდუქცია, უბრალოდ, ამის გახსენება სჭირდება. ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი ჯერჯერობით უალტერნატივოა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია გახდეს კონკურენტუნარიანი, იმისათვის, რომ ჯერ შიდა ბაზარი დაიკავოს, გავიდეს რუსეთის ბაზარზე და აუცილებლად მოხდეს მისი ექსპორტი ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.

– ფინანსთა სამინისტრო თუ გეგმავს ადმინისტრაციულ ჯარიმებთან დაკავშირებით ერთგვარი ამნისტიის პროექტს?

– ამ ეტაპზე იმ ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმება განიხილება, რომლებიც წინასაარჩევნოდ გამოუწერეს იმ პირებს, ვინც შემოწირულობები განახორციელა პოლიტიკური პარტიებისთვის; იმ მძღოლებისთვის, რომელთაც პარტიების აქტივისტები გადაჰყავდათ მანქანით და სხვა. ერთ-ერთი პოტენციური დასაჯარიმებელი მეც ვიყავი (იცინის), მაგრამ შემდეგ გარკვეული გარემოებების გამო აღარ დავუჯარიმებივარ. უამრავი ადამიანი აბსოლუტურად უკანონოდ იყო დაჯარიმებული და ამ უკანონო გადაწყვეტილებების გაუქმებაზე პარლამენტი მუშაობს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს მხრებზე, ეს არის საგადასახადო დავალიანებები. აქ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე ცალ-ცალკე უნდა ვიმსჯელოთ და ერთიანი მიდგომა არ გამოგვადგება, რადგან არის თემები, რომელთაც ცალკე ანალიზი სჭირდება. ჩვენ მზად ვართ, დავკარგოთ დრო, დავხარჯოთ რესურსები, მაგრამ აღვადგინოთ სამართლიანობა.

– ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული საქმიანობის გამო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაში გადანაშაულებენ. რას უპასუხებდით მათ?

– როგრო ფიქრობთ, იმის გამო, რომ ვიღაცამ ზეწოლად არ ჩაგვითვალოს, არ შევისწავლოთ ის კორუფციული სქემები, რომლებიც არსებობდა? არ გავიგოთ, რა მოხდა რიყის პარკთან დაკავშირებით? არ გავიგოთ, რა ხდებოდა, მაგალითად, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დროს და რამდენი ფულია იქ დახარჯული და შესაძლოა, გაფლანგულიც?..

ეს არ არის არანაირი პოლიტიკური ანგარიშსწორება. როცა ადამიანი დაკავებულ მაღალ თანამდებობას ბოროტად იყენებდა, ჰქონდა გარკვეული დარღვევები და ამას სისტემატურად მიზანმიმართულად ახორცილებდა, ცხადია, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, დაკითხული მაინც უნდა იყოს.

– ბატონო ნოდარ, გარდა გახმაურებული საქმეებისა, კიდევ რა საკითხებით არის დაინტერესებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური?

– ეს სამსახური ძალიან ბევრ საქმეს განიხილავს. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჩვეულებრივი შემოწმება მიმდინარეობს სხვადასხვა საწარმოში. უბრალოდ, მათ შორის რამდენიმე რეზონანსულია, დანარჩენ შემთხვევაში პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს.  ეს ჩვენი სამინისტროს მუშაობის ყოველდღიური რეჟიმია.

– საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური პოლიციის შესვლით ხომ არ იყო განპირობებული ჭანტურიას მიერ თანამდებობის დატოვება?

– ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გახდა ბატონი ჭანტურიას მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი. ჩვენი მხრიდან არცერთი წამით არ ყოფილა  საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა; პირიქით, ჩვენს თანამშრომლებს – ოფიცრებს, პირველი არხის ჟურნალისტები კამერებით დასდევდნენ, რაც ერთგვარ უხერხულობას ქმნიდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალზე მოთმინებით გავაგრძელეთ მუშაობა და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.

– დაბოლოს, ბატონო ნოდარ, როგორი იქნება 2013 წელი ფინანსური თვალსაზრისით?

– კარგი (იცინის).

– ოპტიმისტურად ხართ განწყობილი...

– რეალისტი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ „გაწურული ლიმონივით“ ბიუჯეტი დაგვხვდა, ჩვენ ეს „ლიმონი უნდა გავავსოთ“. ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ საქართველოში დააბანდონ საკუთარი კაპიტალი და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნან.

ბიუჯეტი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის სარკე. ასე რომ, ჯერ ეკონომიკა უნდა ავაღორძინოთ, უნდა დასაქმდნენ ადამიანები და ამის შემდეგ, მერწმუნეთ, ბიუჯეტის პრობლემა საერთოდ არ იარსებებს საქართველოში.

საქინფორმი საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ ნოდარ ხადურს ახალ წელსა და ქრისტეშობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მის საკმაოდ მძიმე მოღვაწეობაში. ვიმედოვნებთ, რომ 2013 წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის!