პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინი – თანამედროვეობის ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსი და დამახინჯებული „იმედი“...

anal-pol-red-ANONSსაქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. როგორც ჩანს, ტელეკომპანია იმედი განაგრძობს სამწუხარო ტრადიციას და კვლავაც რუსთავი 3-ად რჩება! სამართლიანად იყვნენ აღშფოთებული ტელემაყურებლები, რომლებიც 2013 წლის 4 იანვრის საღამოს განუწყვეტლივ ურეკავდნენ მობილურ ტელეფონზე საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს, რომლებს შორის იყვნენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები – ჩვენი მუდმივი მკითხველები, ისე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

აღშფოთების საბაბი კი ნამდვილად არსებობდა: საქმე ის გახლავთ, რომ „იმედის“ საღამოს საინფორმაციო გამოშვების („ქრონიკა“ 20 საათზე) ერთ-ერთ ბოლო ბლოკში გავიდა სიუჟეტი ყველაზე გავლენიანი ადამიანები, მიძღვნილი ჟურნალ Foreign Policy-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის – 2012 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულისადმი. ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალის ვერსიით, ამ სიაში პირველი ადგილი ვაკანტური დარჩა, ხოლო მეორე რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა დაიკავა და ამგვარად სიას თავში მოექცა.

ტელეკომპანია იმედმა მთხოვა, კომენტარი გამეკეთებინა ამ ფაქტისათვის და მეც წინდაუხედავად დავთანხმდი იმის იმედით, რომ ეს – უკვე ის იმედიაღარ არის, რომელმაც 2011 წლის 21 მაისს საქინფორმისათვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს გამო რობერტ სტურუას საბჭოთა წარსულის გადმონაშთი უწოდა, ხოლო მე, არნო ხიდირბეგიშვილს, რუსეთის დაზვერვის აგენტი.

იმედი მქონდა, რომ კანონიერი მფლობელის (აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის) ოჯახისათვის დაბრუნებული ტელეკომპანია იმედი პროფესიულად, ელემენტარულად, კორექტულად ამუშავდა და შეცვალა თავისი მიკერძოებული დამოკიდებულება ფაქტებისა და რესპონდენტებისადმი, რის გამოც ქართველმა ხალხმა ის ერთხელ უკვე გაუტოლა სააკაშვილის ნაცების რუპორს – „რუსთავი 2“-ს და რუსთავი 3 უწოდა.

მაგრამ მე შევცდი! კადრს იქით წამყვანის ხმა ასახელებდა ყველა რესპონდენტის სახელებსა და გვარებ, ვინც ზემოხსენებული სიუჟეტის კომენტარი გააკეთა, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია ჩემი, როგორც ჩანს, „იმედისათვის“ ტაბუდადებულად დარჩენილი გვარ-სახელი... ტელემაყურებლებს, რომლებიც სახეზე არ მიცნობდნენ, ისღა დარჩენოდათ, კადრის ქვემოთ ქართული ტიტრები წაეკითხათ, სადაც ოთხ სიტყვაში ... ოთხი შეცდომა იყო!!! იმედის ვაი-თანამშრომლებმა, რომლებიც სიუჟეტს მზადებდნენ, განზრახ დაამახინჯეს ჩემი სახელი და გვარი, ამასთან, მიწოდეს დირექტორი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც საქინფორმს სათავეში უდგას მთავარი რედაქტორი და ეს მე გახლავართ.

თავად კომენტარზე ლაპარაკიც არ ღირს – ნაჩვენები იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, და ვერცერთი ტელემაყურებელი, რომელიც არ იცნობს ჩემს პუბლიცისტიკას, ჟურნალისტურ საქმიანობას და მოქალაქეობრივ პოზიციას, ვერ გაიგებდა, თუ რა მქონდა მხედველობაში.

სინამდვილეში, „იმედის“ კორესპონდენტის პირველ შეკითხვაზე – რომელი კრიტერიუმებით მიენიჭა პუტინს მეორე ადგილი რეიტინგში? – ვუპასუხე: „პუტინი პირველად როდი უდგას სათავეში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგებს სხვადასხვა ვერსიით, ან, სულ ცოტა, პირველ სამეულშია. ამჯერადაც, იმედი მაქვს, არავინ დააბრალებს ავტორიტეტულ ამერიკულ, ხაზს ვუსვამ – ამერიკულ ჟურნალს ტენდენციურობას. დიახ, Foreign Policy ობიექტური იყო და შედეგს კანონზომიერად მივიჩნევ, რადგან ჯერ კიდევ 2012 წლის 5 მარტს, ჩემს მილოცვაში ვ.ვ. პუტინისადმი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით, მე მას თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე ვუწოდე და ვთქვი, რომ თუ არა საქართველოში გამეფებული ტოტალური შიშის ატმოსფერო, ჩემს მილოცვას ბევრი შეუერთდებოდა.

ახლა შემიძლია ჩემი სიტყვები მცირედი ცვლილებებით გავიმეორო – დღეს მე მიმაჩნია, რომ პუტინი – თანამედროვეობის არა ერთ-ერთი, არამედ ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსია, და მე რომ მისთვის 2012 წლის მარტში კი არა, არამედ  ოქტომბერში მიმელოცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც საქართველოში ტოტალურ შიშსა და წამებას ბოლო მოუღო, მაშინ, შესაძლოა, პირველი, მაგრამ ნამდვილად არა ერთადერთი მიმლოცველი ვიქნებოდი საქართველოდან: ჩემს მილოცვას ქართველი ხალხის უმრავლესობა შეუერთდებოდა!

და მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ პუტინი 2012 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად აირჩია, ისაა, რომ იგი – პიროვნებაა, რომელსაც, სხვებისაგან განსხვავებით, ძალუძს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა მსოფლიოს ბედზე, ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანის სიცოცხლესა და ბედზე, და არ შემოიფარგლოს მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვითა და რეგიონული პრობლემების გადაჭრით. პრემიერი პუტინის წყალობით რუსეთი ეკონომიკური კრიზისიდან განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე გამოვიდა. პრეზიდენტი პუტინი რუსეთის სათავეში – არის ბალანსი, რომელიც მსოფლიოს მესამე მსოფლიო ომისგან აკავებს, მოდერატორი და მედიატორი ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის „ცხელ წერტილებში“. პუტინი არის ავტორი და შემქმნელი ევრაზიული კავშირისა – მომავლის ყველაზე მძლავრი კავშირის უალტერნატივო პროექტის, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს“.

„იმედის“ კორესპონდენტის მეორე შეკითხვაზე – რატომ არ მიანიჭეს არავის პირველი ადგილი? – შემდეგნაირად ვუპასუხე: „ეს იყო ერთგვარი ამერიკული სიფრთხილე და, ამავე დროს, თავისებური კარტ-ბლანში პუტინისთვის. როდესაც პუტინი თავის იდეებს ბოლომდე განახორციელებს, როდესაც სირიაში სისხლისმღვრელი ომი ჩაცხრება, თავიდან იქნება აცილებული ომი ირანში და მოგვარდება რეგიონული პრობლემები, მათ შორის – კავკასიაში, საქართველოში, ჟურნალი Foreign Policy მას 2013 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანს უწოდებს და პირველ ადგილს მიანიჭებს და არ შეეშინდება, რომ კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ნაწილს დაარქმევენ, როგორც გასულ წელს უწოდებდა ზოგიერთი ბრიყვი საქინფორმს“.

ახლა კი, ღრმად პატივცემულო მკითხველო, მითხარით: განა ჩემ მიერ თქმულიდან არ შეიძლებოდა ორიოდე ფრაზის ისე შერჩევა, რომ აზრი არ დაკარგულიყო? და საერთოდ – ვის სჭირდება ასეთი დამახინჯებული „იმედი“?!

ქრისტეშობას გილოცავთ!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი.