საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ჟურნალ „ფორინ პოლისის“ ვერსიით, ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის სათავეში – მეორე ადგილზე აღმოჩნდა. პირველი ადგილი გამოცემამ მიაკუთვნა „არავის“ ანდა მომავალ ლიდერს, რომელსაც ყველა ელოდება და რომელსაც შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა „მსოფლიოს ყველაზე მკაცრ და სახიფათო გამოწვევებზე“.
გავლენიანობის ხარისხს გამოცემა აფასებდა ადამიანის უნარით, „მარტომ მიაღწიოს ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მრავალრიცხოვანი ადამიანების ბედსა და ცხოვრებაზე“. აღმოჩნდა, რომ დღეს ეს უნარი არავის შესწევს. ყველა ლიდერი, ძირითადად, რეგიონული პრობლემებითაა დაკავებული და ელოდებიან, რომ მსოფლიოს ბედზე პასუხისმგებლობას ვინმე სხვა იტვირთებს.რეიტინგის მეორე პოზიცია პუტინმა დაიკავა, თუმცა, იგი დღეს უწინდებურად პოპულარული არ არის, ხოლო რუსეთს „საბჭოთა მასშტაბები და გავლენა არ გააჩნია“. მიუხედავად ამისა, პუტინმა, როგორც სხვა ვერავინ პლანეტაზე, შეძლო ადგილობრივი ხელისუფლების კონსოლიდირება; ამასთან, იგი მართავს სარბოლო ავტომანქანას და ძიუდოში შავი ქამრის მფლობელია.
სიაში შემდეგი მოულოდნელად აღმოჩნდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე, როგორც ადამიანი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს ამერიკული ეკონომიკის ფეხზე წამოსაყენებლად. გფრ-ის კანცლერ ანგელა მერკელს მეოთხე ადგილი ერგო, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არცთუ საპატიო – მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა.
მას კვალდაკვალ მიჰყვებიან ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე მარიო დრაგი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი სი ძინპინი და ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი. ლიდერთა ათეულს აგვირგვინებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტიან ლაგარდი და საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი.