აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

biZinaaa-aqtualurii3საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, დღეს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადე შეხვდა. შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის გამო და  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან  მოკითხვა გადასცა. მანვე იმედი გამოთქვა,  რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გაჩნდა ახალი პერსპექტივები ყველა არსებული პრობლემისა თუ საკითხის გადასაჭრელად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი გააკეთა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ალ-უვ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე  თბილისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისადა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორესთვის აღსაყდრების 35-ე და დაბადების მე-80 წლისთავის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ეწვია.