პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვა

biZina-polittika1საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. გთავაზობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მილოცვას:

„ჩემო საყვარელო ხალხო,

სულ რამდენიმე წუთში ახალი 2013 წელი შემობრძანდება. ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ვხვდებით: იმედით შევყურებთ, ოცნების ასრულებას ვთხოვთ და, რაც მთავარია, საზეიმო დახვედრას ვუწყობთ. ეს სადღესასწაულო ღამე ყველას გვაერთიანებს და სიყვარულით გვავსებს.

სანამ ახალ, 2013 წელს ჩავუთქვამდეთ სურვილებს, მანამდე, ვფიქრობ, 2012 წელი უნდა გავაცილოთ. წელი, რომელიც სავსე იყო ემოციებით, მოვლენებით, ვნებათაღელვით. წელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. ყველაზე მთავარი კი გახლდათ ის, რომ ამ წელმა გაგვაერთიანა, ერთ მუშტად შეგვკრა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ჟინი გამოგვამჟღავნებინა.

უწყვეტი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი შეიძლება დიდხანს ითმენდეს უსამართლობას, შიშს, ძალადობას, მაგრამ დგება დრო და ყველაფერს თავის საკადრის პასუხს აძლევს.

უახლესი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა არჩვენების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. ყველას კარგად გვახსოვს ეს დღე - 1 ოქტომბერი. დღე, როდესაც საარჩევნო უბნებთან ღამის თევით შევძელით ჩვენი ხმების დაცვა და ამით უარი ვუთხარით სიცრუისა და ძალადობის სისტემას.

დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას, ვინც არა მარტო გვენდო ჩვენ, არამედ ირწმუნა საკუთარი

თავის, ირწმუნა საკუთარი ქვეყნის მომავლის, ირწმუნა საკუთარი ოცნების და აქამდე არნახული აქტიურობით უზრუნველყო ჩვენი საერთო გამარჯვება.

საქართველომ გაიმარჯვა! გამარჯვების შემდეგ კი ყოველი ჩვენთაგანის ვალია, ღირსეულად მოვექცეთ მათ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ემსახურებოდა სიცრუესა და ძალადობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათაც შეძლონ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის მოპოვება.

საქართველო ჩვენი სამშობლოა და ჩვენი მიზანი ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერებაა!

იწყება ახალი, უფრო რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ეტაპი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და აღმშენებლობის გზით განვითარებისათვის.

ეს გზა არ იქნება ადვილად სავალი, მთავარია, ჩვენ არ გადავუხვევთ იმ გზიდან, რასაც ჰქვია ევროპული ტიპის ეროვნული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. დიახ, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო, გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და მომავალი წელიც იქნება ამ მიზნებთან მნიშვნელოვნად დაახლოების წელი.

ორ თვეზე ცოტა მეტია გასული, რაც მუშაობა დაიწყო ახალმა პარლამენტმა და ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა. დამეთანხმებით, ეს არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ ქვეყანაში დაიწყო ყველაზე მთავარი – კანონის უზენაესობის

დამკვიდრება, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების სანაცვლოდ.

საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სრულიად გამჭირვალე პროცესი მიმდინარეობს!

ამ მოკლე დროში ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებას აჩვენა მთავარი პრიორიტეტები სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. ჩვენ ისე დავგეგმეთ 2013 წლის ბიუჯეტი, რომ იგი მთლიანად ხალხზე ორიენტირებული გახდა.

საქართველო უნდა გახდეს საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა, რაც მისი ეკონომიკურად გაძლიერების საფუძველს შექმნის. სამოქალაქო სექტორის გაძლიერება კი გარანატი უნდა გახდეს იმისა, რომ საქართველო არასოდეს აღარ დაუბრუნდება ძალადობისა და შიშის ეპოქას.

დიახ, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა შევძლოთ კონსტრუქციული კრიტიკისა და თანამშრომლობის ფორმატში ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბება, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიჭერს თანამედროვე, საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თითოეული ჩვენგანის და მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობაზე. ერთად დგომით, თანამშრომლობით, მიმტევებლობით უნდა ავაშენოთ ჩვენი შვილების საამაყო ქვეყანა.

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის, ბრძოლისთვის და იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს! წინ კი 2013 წელი გველის! ოცნებების ასრულების წელი!

ამ რწმენით გილოცავთ 2013 წელს!

ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვულოცავ ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან მოწყვეტილები საქართველოს სახელმწიფოს იცავენ!

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, და მჯერა, რომ ჩვენ მოვძებნით ერთმანეთის გულებისკენ მიმავალ გზებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე ერთად ვიზრუნებთ.

ვულოცავ მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს ემიგრანტებს და ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას.

ვულოცავ ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა!

ვულოცავ ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს!

ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია გვახსოვდეს, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ყველაფერს!

ღიმილით შევეგებოთ ახალ 2013 წელს და გვქონდეს რწმენა იმისა, რომ ახალი წელი ჩვენი ოცნებების ასრულებას დაუდებს დასაბამს.

გილოცავთ და მჯერა, რომ 2013 წელი საქართველოსთვის მშვიდობისა და წინსვლის წელიწადი იქნება!

გილოცავთ!

ბიძინა ივანიშვილი“