საზოგადოება
საქინფორმი გილოცავთ ახალ წელს და შობას!

red-obS-2-TOPძვირფასო მკითხველო! საქინფორმის რედაქცია და მთელი ჟურნალისტური კოლექტივი გილოცავთ დამდეგ ახალ 2013 წელს და ქრისტეშობას!

გასული 2012 წელი საქართველოსთვის ბედითი იყო – 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა, ალბათ, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში პირველად, არა მარტო თავისი არჩევანი გააკეთა, არამედ მისი დაცვაც შეძლო. დიახ, სიკეთემ ბოროტებაზე გაიმარჯვა, სინათლემ სიბნელეს სძლია, მაგრამ ყველაზე ძნელი ჯერ კიდევ წინ გვაქვს: საჭიროა, უკვე მერამდენედ, ქვეყნის ფეხზე დაყენება – მშივრების დაპურება, უმუშევრების დასაქმება, უსახლკაროთათვის თავშესაფრის მიცემა, ძმებსა და მეზობლებთან შერიგება...

საფრთხე ყოველ ნაბიჯზე გვიდარაჯებს, ბოროტება ხომ არ ნებდება: ესენი არიან ჩვენი დასავლელი „მეგობრებიც“, რომლებიც კრიტიკით ცდილობენ ახალგაზრდა ხელისუფლების მოგუდვას, რათა მათი გასული წლების დანაშაულები არ გამჟღავნდეს და მსოფლიომ არ გაიგოს – რამდენ მილიარდ დოლარად ხუჭავდნენ თვალს ძალადობასა და დიქტატურაზე საქართველოში. კიდევ უფრო სახიფათოა ბოროტება, რომელიც სახელმწიფოს შიგნითაა: არა, განა მხოლოდ ერთბაშად „გადაწყენებული და გადემოკრატიულებული“ გუშინდელი ხელისუფალნი, რომლებიც რევანშს ამზადებენ და ყოველდღიურად ცდილობენ საბოტაჟის პროვოცირებას. ესენი არიან კონფორმისტები ხელისუფლების შიგნითაც, რომლებმაც სასურველს მიაღწიეს და ახლა მხოლოდ სიმშვიდე სწყურიათ, თუნდაც... „ქართული ოცნების“ ღალატის ფასად!

მაგრამ გამარჯვებული ქართველი ხალხი ღალატს არავის აპატიებს – ის მის მიერ არჩეული ლიდერისგან, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობასა და მართლმსაჯულებას ითხოვს! ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ სიმართლე ყველაზე და ყველაფერზე, რის გაკეთებასაც შეძლებისდაგვარად ცდილობდა თქვენთვის საქინფორმი. ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ – მტერი, მხოლოდ ასე, შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევით შეიძლება მომავალში ქართული სახელმწიფოს აშენება. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, და კეთილი იყოს ხვალინდელ დღეს მათი შემობრძანება, ვინც ჭკუას მოუხმობს, საქართველოს მომავალი კი, დაე, საერთო-სახალხო რეფერენდუმმა გადაწყვიტოს!

ძვირფასო თანამემამულენო! ახალ წელს ჯანმრთელობასა და სიყვარულს გისურვებთ! დღეგრძელი იყოს საქართველო! ბედნიერება ჩვენს სახლს, უფალმა დაგვლოცოს!

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი

(საქინფორმი მუშაობას განაახლებს ხუთშაბათს, 2013 წლის 3 იანვარს)