პოლიტიკა
ივანიშვილი: „სააკაშვილი მზადაა, გამოიყენოს ყველაზე დიდი დარღვევა, რაც ჩადო კონსტიტუციაში“

biZinaa-politikaa3საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება მისი არჩევიდან 6 თვის ნაცვლად შესაძლოა, 3 თვეში მიეცეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა. უმრავლესობა შესაბამის კანონპროექტს ამზადებს. პრემიერი ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გადაყენებისთვის ემზადება, თუმცა, კანონის მოქმედი რედაქციით, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ივანიშვილის თქმით, ის მზადაა, მიხეილ სააკაშვილს „დაეხმაროს“ და მთავრობის გადაყენების შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაც მისცეს, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც არჩევნები წააგო, შეუძლია დაითხოვოს მთავრობა და, მათ შორის, მეც, შეუძლია ეს დღესაც გააკეთოს. ოდესღაც მან გააკეთა ასეთი განცხადება და, მგონი, გიგა ბოკერიამაც –  ჩვენ შეგვიძლია კრიზისი შევქმნათ, მაგრამ ამას არ გავაკეთებთო; ე.ი. კარგი ბიჭები ვართო. ამის მიჩქმალვა არ მინდოდა და მინდოდა, ეს ენახა საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგრობობას. ახლა თუ გავაანალიზებთ მის ბოლო ორკვირიან გამონათქვამებს, ვერც თვითონ წავა წინააღმდეგ და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება, რომ ეს კაცი მზად არის, გადაიხვეწოს თვითონ და ჰგონია, საქართველოსაც წაიყვანს, მაგრამ საქრთველოს ვერ წაიყვანს. აქაც ბოლომდე არ იცის, რა ხდება. მგონია, დაავადებამ პიკს მიაღწია და ახლა მე მისი პრევენცია უნდა მოვახდინო. ამიტომ მინდა, ჩემს გუნდსაც გავაცნო, რასაც ვაპირებ და რაც ხდება, და გაიგოს მანაც და უმცირესობამაც, რომ მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი. ყველაფერი გავაკეთე და მივიყვანე გამწვავებამდე და ახლა მინდა, პრევენცია – გავფინო ხალიჩა, რომ არც სააკაშვილმა მოიტეხოს კისერი და, მით უმეტეს, საქართველო არ შეარცხვინოს. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მიდის, მაგრამ მათ ასე არ სურდათ, ასე არ სურდათ ევროპელებსა და ამერიკელებსაც. მათი ნება იყო, რომ ის დაავადება, რაც არსებობდა, უნდა მიგვეჩქმალა და დაგვეტოვებინა იქ, სადაც იყო. ამას მოითხოვდნენ ჩემგან გარედანაც და ამას ითხოვდა ოპოზიცია გარკვეულ ეტაპამდე და ახლა კი წავიდნენ ვაბანკზე. მე ამაზე არ დავთანხმდი და პირიქით, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მიმეყვანა პროცესი გამწვავებამდე და ამ კაცმა აჩვენა, რომ მზადაა და თანახმაა, გამოიყენოს ის ყველაზე დიდი დარღვევა, რაც მან ჩადო კონსტიტუციაში. პრინციპში მე კი არ გავამწვავე, არამედ თვითონ გაამწვავა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.