პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „მე ნამდვილად საღ აზრზე ამას არ მოვაწერ ხელს!“

veto-politikaa2საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ, საღამოს, შევიდა. გუშინვე პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ ნაწილს ვეტოს დაადებს. მისი თქმით, ეჭვს  პოლიტპატიმართა სია იწვევს. სააკაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული სიის მიხედვით ის პატიმრებიც თავისუფლდებიან, რომლებიც გასამართლებული არიან პედოფილიის, ჯაშუშობის, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ 200 პოლიტპატიმარი არცერთ ქვეყანას არ ჰყოლია და ამით საქართველოს თავი ეჭრება: იმედი მაქვს, ამ დამნაშავეებს ჩემს ჯინზე უშვებენ და არა ვიღაცის დაკვეთით, რადგან თუკი რუსეთის აგენტებს ათავისუფლებ ასე მასობრივად, ეს ან ჩემს ჯინზე ხდება რაც კიდევ გასაგებია ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით. კანონპროექტის ამ ნაწილს დავადებ ვეტოს, რადგან ნამდვილად არ მინდა, ჩვენს ქვეყანას მოვჭრა თავი.

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მასობრივი ამნისტია სრულიად მიუღებელია, მაგრამ ეს არის პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველ ნაწილში მათ უნდა გადალახონ ვეტო. საკუთარ თავზე აიღონ იმის პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს ჭრიან თავს და ამ უსამართლობას აკეთებენ.

მისი თქმით, ციხიდან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების, რუსეთის აგენტების გამოშვებით პუტინი კიდევ ერთხელ შეაქებს მათ და იტყვის, რომ საქართველოდან პოზიტიური სიგნალებია.

პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ყველა დანაშაული მიუღებელია, მაგრამ პედოფილიის ნაწილშიც ამ პროექტს ვეტოს დაადებს. „გადალახონ ვეტო პედოფილიის ნაწილშიც და პარლამენტმა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებსა და რუსეთის აგენტებს. მე ნამდვილად საღ აზრზე ამას არ მოვაწერ ხელს!“ – განაცხადა მან.