პოლიტიკა
ლეონტიევი: „საქართველო ფიზიკურად ვერ იარსებებს რუსეთის გარეშე!“

1-leontievსაქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. "საქართველომ აირჩია მმართველად ბორის ივანიშვილი, რომელიც გაიზარდა რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთთან და რუსეთის გარეშე არსად არაფერი ესაქმება. საქართველოში მთავრობა დემოკრატიულად შეიცვალა, მათ შორის, იმიტომ, რომ ამერიკელმა პატრონებმა ივანიშვილს ამის უფლება მისცეს და სააკაშვილს არ მისცეს მისი ფიზიკური შევიწროების უფლება", - ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა მიხეილ ლეონტიევმა გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც დიდი რუსეთის შექმნაზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციის მეშვეობით უნდა მოხდეს.

ლეონტიევის აზრით, ინტეგრაციას ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ელიტა ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს იგი „საბაჟო კავშირების“ მაგვარ საფუძველზე. თუმცა, არცერთი გაერთიანება ეკონომიკურ ფაქტორებზე არაა დამოკიდებული და ყველა მათგანს საფუძვლად სამხედრო შეთანხმება უდევს, მათ შორის – ევროკავშირსაც.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა უნდა მოუხერხდეს ამ მტრულ ელიტებს, ლეონტიევმა უპასუხა, რომ „უკრაინისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის ევროპული არჩევანი სასაცილოა. ასეთი არჩევანი არ არსებობს. ევროპა ჩაკეტილია და მალე შიგნიდან დაიშლება. იქ არავინ არავის ელოდება“.

ლეონტიევის შეფასებით, ხსენებული ინტეგრაციით რუსეთი ქვეყნის სხეულს აერთიანებს – „ფეხს უკან ვიკერებთ, ყურს, თვალს“ და ამ პროცესში საქართველოც უნდა ჩაერთოს, რადგან პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ „საქართველო ფიზიკურად ვერ იარსებებს რუსეთის გარეშე! ვერც მის გარეთ და ვერც მის ქვეშ. როგორ უნდა უზრუნველყოს ნატომ საქართველოს ერთიანობა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, აჭარის, ჯავახეთის შემადგენლობით? ვერანაირად! ნატოს საქართველო აინტერესებს როგორც ირანის და რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ დღეს წარმოუდგენელია, საქართველო რუსეთს დაუბრუნდეს, ლეონტიევმა მიუგო:

„ამერიკელებს რუსეთთან მოლაპარაკებები სურთ. აშშ-თვის საქართველო უკვე მეორეხარისხოვანია, ივანიშვილი – კომპრომისი; არა ქართველებთან, არამედ რუსებთან. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, საშინელ სიტყვას ვიტყვი – ბალტიისპირეთშიც“.