საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მთავარ პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა დოკუმენტს ხელი მთავარ პროკურატურაში მოაწერეს.
როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, მემორანდუმის მიზანი მუდმივმოქმედი ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და ეთიკის ერთიანი სტანდარტების დამკვიდრებაა. მისი განმარტებით, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი ერთობლივ ტრენინგებს ჩაატარებს.ხატიაშვილი და ადვოკატთა კორპუსი ახალ პროკურორს ენდობა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს დადებითად აფასებს. „ეს შენობა სასარგებლო დაწესებულებად იქცა“, – აცხადებს ხატიაშვილი.
არჩილ კბილაშვილმა მთავარ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ბრალს, სავარაუდოდ, უახლოეს ორ დღეში წაუყენებენ. ადეიშვილს მთავარი პროკურატურა „ქართუ ჯგუფის“ გაკოტრების სქემისა და ციხის კადრების ეპიზოდებში ადანაშაულებს. კითხვაზე – იგეგმება თუ არა დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის, ლევან ქარდავასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა, კბილაშვილმა უპასუხა, რომ ყველა ის მაღალჩინოსანი დაიკითხება, ვინც დანაშაულებრივ ქმედებასთან კავშირში განიხილება.
როგორც უკვე საქინფორმი იუწყებოდა, გუშინ მთავარმა პროკურატურამ დანაშაულებრივი სქემა გამოააშკარავა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტი დაფიქსირდა.