პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: მიშა და „კროკოდილი“

1-krok-MTმიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის International Centre for Prison Studies მონაცემების თანახმად, საქართველომ პატიმრების რაოდენობით ევროპაში – პირველი, მსოფლიოში კი მეორე ადგილი დაიკავა, ნარკომანთა რაოდენობა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი არ შემცირდა, არამედ მკვეთრად გაიზარდა.

ჯერ კიდევ 2011 წლის 8 სექტემბერს, პუბლიკაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ნარკოტიკების მოხმარებით“ საქინფორმი იუწყებოდა, რომ საქართველოში, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში, მოდური გახდა ახალი ნარკოტიკული საშუალება „კროკოდილი“ (დეზომორფინის ჟარგონული სახელწოდება, მიეკუთვნება სინთეტიკურ ოპიატებს), რომელსაც კუსტარულად ამზადებენ აფთიაქებში ხელმისაწვდომი კოდეინის შემცველი პრეპარატებისა და ტოქსიკური ნარევი „კროტისგან“, რომელსაც კანალიზაციის საწმენდად იყენებენ. აქამდე არსებული კუსტარული ამფეტამინებისგან („ვინტი“, „ჯეფი“) განსხვავებით, „კროკოდილი“ გაცილებით უფრო ხშირად იწვევს დოზის გადაჭარბებას, რაც მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყოველთვის ლეტალურად მთავრდება, აფრთხილებდა საქინფორმი.

1-krok-1

ამავე დროს, საქართველოს აფთიაქებში არსად იშოვება „ნალოქსონი“ – დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატი, რომელიც რეგისტრაციის ვადის გასვლის გამო არ შემოაქვთ (ასე ებრძოდნენ ნაციონალები ნარკომანიას...).

თუმცა, 2012 წლის 23 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ №13 საგამოფენო პავილიონში გამართულ კონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა იქ შეკრებილ „ნაცელიტას“ სულისშემძვრელი და, როგორც ყოველთვის, ყალბი ისტორია მოუთხრო იმის შესახებ, მისმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა როგორ „დაამარცხა საქართველოში ნარკომანია რამდენიმე დღეში“ (დღეს ყოველდღიურად ვიგებთ ყოფილ ხელისუფალთა მილიონობით მაქინაციის შესახებ და ვხვდებით, რომ კორუფციაზე გამარჯვებაც ისეთივე ფიქცია იყო, როგორიც ნარკომანიის დამარცხება...).

აღმოჩნდა, აგრეთვე, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელსაც ქუთაისში ინციდენტის შემდეგ თბილისში ათობით სნაიპერი (გარეთ) და კრივში მსოფლიო ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო (შენობაში) იცავდნენ, მხოლოდ ახლა შეიტყო „კროკოდილის“ შესახებ, რაც ჩანს კონფერენციაზე მისი არაადეკვატური გამოსვლიდან, რომელშიც მან ივანიშვილის მთავრობა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ნარკოტიკის მოხმარებაში დაადანაშაულა. მოვიდა ის ხალხი, ვინც თავის დროზე ნარკობარიგა იყო საქართველოში ცნობილი... ახლა მიყვებოდნენ ყველაზე მეტად, რომ შემოვიდა რუსეთიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, რომელსაც ქვია „კროკოდილი“... ახლა, რა არის ეს „კროკოდილი“: თურმე როცა გაიკეთებ, თუ დალევ, თუ როგორც არის, გგონია, რომ მიდიხარ წინ და იწყებ სიარულს უკან! – ტლანქად მიანიშნებდა სააკაშვილი ივანიშვილზე, რაც მქუხარე აპლოდისმენტებს იწვევდა  ნაცაუდიტორიაში, რომელიც ნიანგივით ხარხარებდა –  ხახადაფჩენილი, თვით „ბოლოტნი“ ვასილიჩიც კი...

ისევ ორიანი! როგორც ჩანს, სააკაშვილი ზოოლოგიის გაკვეთილებიდან შატალოზე დადიოდა (როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ყმაწვილი მაშინ აკრძალული პორნოვიდეოთი იყო გატაცებული...), ამიტომ არ იცის, რომ ნიანგი (крокодил) – ერთ-ერთია პლანეტის მცირერიცხოვან ცხოველთაგან, რომელიც არასოდეს იხევს უკან, სამაგიეროდ, სხვებს აიძულებს უკან დახევას – როგორც ჩანს, მიშას 1 ოქტომბერი დაავიწყდა...

1-krok-2

ხოლო თუ არ დაავიწყდა, მაშინ შეგნებულად შეურაცხყო ქართველი ხალხი – გამოდის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა „ცნობილი ნარკომანები“ აირჩია! გასაკვირი არ არის, რომ ამ ხალხმა ის გასულ კვირას ქუთაისში კინაღამ ქვებით ჩაქოლა...

ნუთუ სააკაშვილისთვის უცნობია, რომ მის ხელში საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ გაღატაკდა, და რომ კოდეინის შემცველ „კროკოდილს“ ღარიბების ნარკოტიკს ეძახიან (როგორც კი ნარკომანს „ჰეროინის“ ფული უთავდება, ის „კროკოდილზე“ გადადის)?! განა ეს პიარის და იდიოტური ხუმრობის საბაბია?! თუ მიშა, „კეთილი ძია ვანოს“ წყალობით, მხოლოდ ძვირადღირებული ჰეროინის შემცველ ნარკოტიკებს იცნობს?!

მაშინ, ცნობისათვის: „კროკოდილს“, რომელზეც ნარკოტიკული დამოკიდებულება უკვე ორი ინტრავენური ინიექციის შემდეგ ვითარდება, რუსეთში არ აწარმოებენ. ნარკომანები მას კოდეინის შემცველი პრეპარატებისაგან ამზადებენ, რომელთა თავისუფალი გაყიდვა რუსეთის აფთიაქებში 2011 წლის მაისიდან აკრძალულია, მათ შორის, მაშინ ივანიშვილის კუთვნილ სააფთიაქო ქსელ დოქტორ სტოლეტოვშიც. ნარკოტიკს „კროკოდილი“ ეწოდა იმის გამო, რომ ინიექციის ადგილზე წყლულები და ეროზია ვითარდება, რომლებიც თავდაპირველად ჩირქოვანი ფუფხით არის დაფარული. სწორედ დაჩირქებამ წარმოშვა ნარკოტიკის არაფორმალური სახელწოდება: სადაც უნდა იჩხვლიტო, შუბლში თუ ტერფში – კანი მომწვანო ფერის ხდება, ნიანგის სხეულის მსგავსი ქერცლით იფარება და ქერცლივით სცვივა ნარკომანს... სისხლძარღვები სკდება, ქსოვილი უკუიგდება და კვდება. ჩვეულებრივ, საქმე მთავრდება განგრენით და ამპუტაციით, ხოლო ფოროვანი ძვლები, განსაკუთრებით, ქვედა ყბა (ყურადღება, ვასილიჩ!) დნობას იწყებს. ადამიანი, რომელიც ოთხ თვეზე მეტ ხანს მოიხმარდა „კროკოდილს“, პრაქტიკულად განუკურნებელია და დაღუპვისათვის არის განწირული.

1-krok-3

ექიმი ნარკოლოგები ნარკოტიკ კროკოდილის მოხმარების ტიპურ ნიშნებს აღნიშნავენ:
– „სეირნობების“ დროის გახშირება და გაზრდა;

– განწყობის ხშირი და მოულოდნელი ცვლა;
– მზარდი ეშმაკობა, გაქნილობა და სიცრუე;
– მზარდი მოთხოვნა ფულზე;
– სახლიდან ფასეული ნივთების გაქრობა;
– დაწითლებული თვალები, ვიწრო გუგები.

ვის მოგვაგონებს ეს? ვინ დასეირნობს ყველაზე მეტს უცხოეთში?! ვინ გვაშინებს ბოლო 9 წლის განმავლობაში მოულოდნელი გამოხდომებით, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში?! ვინ არ ასრულებს მიცემულ დაპირებებს და გამუდმებით აწყობს ხრიკებს, იტყუება და თავის დაძვრენას ცდილობს? ვინ სთხოვს გამუდმებით ფულს აშშ-ს და ევროპას, იღებს ვალებს, რომლებიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გავისტუმროთ?! ვინ ყიდის გამუდმებით ფასეულ ნივთებს ჩვენი საერთო სახლიდან მიწებს, საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს, არქიტექტურის ძეგლებს, შედევრებს მუზეუმებიდან და სხვა ეროვნულ განძს? ვის ვხედავთ ტელეეკრანებზე ხშირად შეშუპებული, დაწთლებული, მოჭუტული თვალებით?!

რაც შეეხება საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას – განა 1993 წლიდან მმართველი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ (რომლის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ახალგაზრდა მიშა სააკაშვილი გახლდათ) მფარველობით  არ შემოჰქონდათ საქართველოში ვაგონებით კოდეინის შემცველი „კოდელაკი, რომელსაც ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ღირსი ქართველი ნარკომანები „პიპოლფენით და „ნუბაინით აზავებდნენ და „შესანიშნავ ნარკოტიკს“ ამზადებდნენ?!

ამიტომ, სანამ მაინ კამპფ წერას განაგრძობდეს, მიშას უჯობს, გაითვალისწინოს ყველაზე უფრო სანუკვარი სურვილი, რომელსაც ამ ახალ წელს ჩაიფიქრებს ქართველი ხალხი, რომელმაც 1 ოქტომბერს „ცნობილ ნარკომანებს“ მისცა ხმა – ნიანგსაც შეუსანსლავს ყველა ნაცი!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

1-krok-4

P.S.
- Как вы думаете, если покрасить зеленого цвета, будет держаться, а? Вы понимаете, мой Альбертик просил зеленого цвета, а в магазине только оранжевый... В Тбилиси есть зеленый?
-  …
- В Ереване тоже нет… 

(კინოფილმიდან „მიმინო“)