თავდაცვის სამინისტრო ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს ხელფასებს უზრდის
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში დღეს მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა ბრიფინგი გაიმართა.
გაზრდილ ხელფასს ქართველი სამხედროები მომავალი წლიდან მიიღებენ. ვაკო ავალიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავღანეთში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვიზიტის შემდეგ მიიღო.
მისი განცხადებით, რიგითი მოსამსახურის ხელფასი 40%-ით გაიზრდება და 715 დოლარის ნაცვლად 1 001 დოლარი იქნება, კაპრალის ხელფასი 780 დოლარის ნაცვლად 1 040 დოლარი გახდება, უმცროსი სერჟანტები 845 დოლარის ნაცვლად 1 079 დოლარს მიიღებენ, სერჟანტები კი – 910 დოლარის ნაცვლად 1 118 დოლარს. ასევე, იზრდება უფროსი სერჟანტების, ლეიტენანტების, უფროსი ლეიტენანტების, კაპიტნების, მაიორების, ვიცე-პოლკოვნიკებისა და პოლკოვნიკების ანაზღაურებაც. ავალიანის განცხადებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ შტაბში ფულადი პრემიის სახით გაცემულია 41 164 000 ლარი, მაშინ, როცა „ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ხელფასები პირველად ეზრდებათ და პრემია მხოლოდ ერთხელ – 2011 წელს, აიღეს, ერთ სამხედროზე, საშუალოდ, 365 ლარის ოდენობით“. „მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის მანძილზე გაცემული პრემიის რაოდენობა 40 მილიონს შეადგენს, არსებობდა ასევე ამ პრემიების საიდუმლო ბრაძანებებით გაცემის მანკიერი პრაქტიკა. აღნიშნული ბრძანებებით გაცემულია 19 მილიონამდე ლარის საიდუმლო პრემია, რომელსაც ერთი და იგივე მაღალი თანამდებობის პირები იღებდნენ. აღნიშნულ ფაქტებში საქართველოს გენერალურმა ინსპექციამ ვერ იპოვა სამართალდარღვევის ფაქტები, შესაბამისად, ეს არ განეკუთვნება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯად ქმედებას“, – აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ ჟურნალისტებთან. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროში წახალისების გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმის არარსებობის შესახებ. მისივე განაცხადებით, აღნიშნულ საკითხზე სამხედრო უწყებაში მუშაობა დაიწყება.