აქტუალური
სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში შეხვდება

1-saak-avR--aqtuaa3საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლოდ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, გამეგზავრება, სადაც ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცავს ახალ წელს და 2013 წელსაც მათთან ერთად შეხვდება. ეს მისი მეორე ვიზიტი იქნება ავღანეთში, სადაც ქართული კონტინგენტი 2009 წლიდან იმყოფება. ამჟამად უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში ათას ხუთასამდე ქართველი სამხედრო პირი მსახურობს. რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული კონტინგენტის დანაკლისმა აქ 18 კაცი შეადგინა. ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე კი მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში უგზოუკვლოდ დაიკარგა.

საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელ ვიზიტს ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე სახიფათოდ მიიჩნევს. მისი შეფასებით, ან ძალიან თავზეხელაღებული უნდა იყო, ანდა ძალიან არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცები, რომ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ფაქტობრივად კი, ბრძოლის ველზე ჩასვლა ქვეყნის პირველმა პირმა ერთი კვირით ადრე დააანონსო“.

ინფორმაცია ქრონოლოგიურად ისეა დაწყობილი, რომ თალიბების დაზვერვა უკეთესს ვერც ინატრებდა“, – წერს ლიკლიკაძე და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის თებერვლის პირველ ვიზიტს იხსენებს, როცა მთავარსარდლის მიერ ბაზა „შუკვანზე“ ტელეკამერების წინ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებიდან მეორე დღეს, 21 თებერვალს, ჰელმანდის პროვინციაში ექსტრემისტებმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა.

თავის მხრივ, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ავღანეტში ISAF-ის ხელმძღვანელობასთან, სავარაუდოდ, შეთანხმებულია.

„იმედი მაქვს, უსაფრთხოების სათანადო ზომები მიღებული იქნება. ჩვენი კონტინგენტი ავღანეთში დამოუკიდებლად არის განთავსებული, მაგრამ საერთო ხელმძღვანელობას ექვემდებარება. ეს ხელმძღვანელობა არის კოალიციის ხელში და იმედია, ეს ვიზიტიც კოალიციასთან შეთანხმებულია. შესაბამისად, ვფიქრობ, აჟიოტაჟი ამ თემაზე თითიდან გამოწოვილია“, – აღნიშნა ლალიაშვილმა.