კირვალიძემ ორთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა
საქართველო, 26 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა
დავით კირვალიძემ გუშინდელ ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელის რანგში ორთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება ახალი ხელისუფლების პრიორიტეტია, რასაც მოწმობს 61%-ით გაზრდილი ბიუჯეტი და სპეციალური ერთმილიარდიანი ფონდის დაარსება, რომელიც ოფიციალურად წლის ბოლომდე გაფორმდება.
სოფლის მუერნეობის მინისტრმა ჟურნალისტებს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პრიორიტეტები დაუსახელა: „დაწყებული ირიგაციით, დრენაჟით, მიწის გერისტრაციით, ტრაქტორების სერვისებით, ნედლეულის მომარაგებით, სურსათის უვნებლობის სამსახურით, კვლევისა და კონსულტაციის ცენტრებით – ის, რაც ყველას აძლევს სათანადო მხარდაჭერას“. მისი თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის პრიორიტეტები იანვრისთვის განისაზღვრება. ამ ფონდში შევა სხვა საერთაშორისო შემოწირულობებიც, რაც მოხმარდება საგაზაფხულო სამუშაოებს და 60 ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას. მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ფონდიდან 0-დან 3 პროცენტამდე საინვესტიციო კრედიტები გაიცემა; გაიცემა, ასევე, დაბალპროცენტიანი სამომხმარებლო სესხები. ამასთან, ცვლილებებია მოსალოდნელი სოფლის მეურნეობაში საკანონმდებლო დონეზეც. საუბარი შეეხება მომზადების ეტაპზე არსებულ კანონს კოოპერაციების შესახებ. სოფლის მუერნეობის მინისტრის სიტყვებით, კოოპერატივები საქართველოში არსებული მიწების გადანაწილების გამოა პრიორიტეტული: „კახეთში, მაგალითად, შესაძლებელია შეიქმნას მევენახეების კოოპერატივი, რომლის საკუთრებაშიც იქნება ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანაც და ფერმერებისთვის მოყვანილი პროდუქციის ჩაბარების პრობლემა მოიხსნება“. მინისტრისავე სიტყვებით, კოოპერატივების შექმნა ნებაყოფლობითი პროცესი იქნება. კირვალიძის განმარტებით, რუსეთის ბაზრის თემა ქართული ხილის, ბოსტნეულისა და ციტრუსისთვის აქტიურად განიხილება. უკვე მოსკოვშია მანდარინით დატვირთული ერთი კონტეინერი. დავით კირვალიძის სიტყვებით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა რაიონში გაიხსნება საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიც, რასაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7 მილიონი ლარი მოხმარდება. ცენტრების თანამშრომლების ფუნქცია იქნება გლეხებისთვის საჭირო კითხვებზე პასუხის გაცემა და სამინისტროს ინფორმირება მათი საჭიროებების შესახებ.