სამართალი
ასლან აბაშიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

1-aslan-samarTali1საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის – ასლან აბაშიძის, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც აბაშიძის საქმესთან ერთად განიხილავენ მისი მთავრობის მაღალჩინოსნების – იოსებ გოგიტიძის, ჯემალ გოგიტიძის, დავით ხალვაშის, ელგუჯა ჯინჭარაძისა და ამირან კურცხალიძის – საქმეებსაც.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი ედება ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობასა და, ასევე, ჩოლოქისა და ქაქუცას ხიდების აფეთქებასა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებაში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2007 წლის იანვარში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს ეკონომიკური დანაშაულისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 60 მლნ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ასლან აბაშიძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ლევან სამუშია დაიცავს. თავად აჭარის ყოფილი ხელმძღვანელი 2004 წლიდან რუსეთში იმყოფება.