საზოგადოება
თბილისელები მერიისგან 2013 წლის კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ

1-gigi-sazogadoeba3საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში რეგისტრირებული აბონენტები 2013 წელს კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას თბილისის მერმა გიგი უგულავამ გააცნო.

2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს.  სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა  აქვთ მინიჭებული,  250-ლარიან  ვაუჩერს მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე  20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება, ანუ წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით  ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, ოჯახები რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 3 ლარით და 54 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე არ შეეხება თბილისში მცხოვრებ იმ 50 000 ოჯახს, რომლებიც ე.წ. მე-3 კატეგორიის გადამხდელებს მიეკუთვნებიან. თბილისში მცხოვრებ იმ 40 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, კომუნალური გადასახადების დასაფარავად სააბონენტო ანგარიშზე, ასევე, 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთან, პირად ანგარიშზე ისინი წლის განმავლობაში დამატებით  150 ლარს მიიღებენ. მერიის კომუნალური ვაუჩერი 8 ლარის და 40 თეთრის  თანაგადახდას დასუფთავების გადასახადზე, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე წყლის ტარიფის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.

ყველაფერ ამასთან ერთად, ძალაში რჩება ზამთრის პერიოდში დასუფთავების ტარიფის განახევრების შესახებ საკრებულოს მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილება.