სამართალი
პატიმრები განთავისუფლებას ელიან

1-amnist-samarTali3საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. შეწყალების კომისია დღევანდელ სხდომაზე 430 პატიმრის საკითხს იხილავს. ეს იმ პატიმართა საქმეებია, რომელთაც კომისიას განცხადებით მიმართეს შეწყალების თხოვნით. კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის განცხადებით, სავარაუდოდ, შემოსული განცხადებებიდან განიხილება ერთი მესამედი, რადგან არ არის დაკმაყოფილებული მოთხოვნათა პირობები, კერძოდ, განცხადებათა შორისაა მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირთა საქმეები, იმ პატიმართა განცხადებები, რომელთაც აქვთ ცუდი დახასიათება, არ აქვთ სასჯელის ნახევარი მოხდილი,  და ა.შ. თუმცა, ამათგან იგი არ გამორიცხავს გამონაკლისის სახით ჯანმრთელობის მხრივ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმრის განცხადების განხილვა-დაკმაყოფილებას.

დღევანდელ კომისიის სხდომას ესწრება ახალარჩეული სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი განცხადებით, შესაწყალებელ პატიმართა საქმეებს უშუალოდ კომისიის სხდომაზე გაეცნობა.

მსჯავრდებულები საპატიმროებიდან კვირის ბოლოს გამოვლენ.

რაც შეეხება ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერას, მიხეილ სააკაშვილს ვადა კვირის ბოლოს ეწურება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში პარლამენტი მის დამტკიცებას მაინც შეძლებს, უბრალოდ, დროში გაიწელება.

„არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ კანონის შეჩერების, და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის – ხაზს ვუსვამ – კანონის დროულად აღსრულებას, იქნება საკუთარი მოქალაქეების მიმართ გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა მან.

ამნისტიის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ციხიდან სამი ათასამდე პატიმარი გამოვა, 15 ათასზე მეტს კი სასჯელი შეუმსუბუქდება.