საზოგადოება
ეროვნული მოძრაობის აღდგენის საინიციატივო ჯგუფი კიტოვანის გასამართლებას მოითხოვს

1-MT-prokuraturaსაქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღდგენის საინიციატივო ჯგუფი 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივ შეფასებასა და მის ინიციატორთა და ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელმა, „მრგვალი მაგიდისა“ და „წმინდა ილია მართლის“ საზოგადოების წევრმა, პროფესორმა ეთერ მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება მთავარ პროკურატურასთან. აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოც“ შეუერთდება.

მგალობლიშვილის განცხადებით, 21 დეკემბერს, შეიარაღებული პუტჩის 21-ე წლისთავზე, საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი თენგიზ კიტოვანი.

„კიტოვანმა არაერთხელ მედიდურად განაცხადა, რომ მან იარაღის ძალით დაამხო კანონიერი ხელისუფლება. 21-ე წლისთავზე მისი დაბრუნება ან საზოგადოების აბუჩად აგდებაა, ან გამოწვევა. იგი პუტჩის 21-ე წლისთავზე ჩამოდის რუსეთიდან და შემდეგ ურცხვად იძლევა ინტერვიუს. კიტოვანი მისთვის დამახასიათებელი უტიფრობით აცხადებს, რომ ოპოზიციაში იმისათვის წავიდა, ზვიად გამსახურდია მრავალ დანაშაულს სჩადიოდაო“, – აღნიშნა ეთერ მგალობლიშვილმა და იქვე დასძინა, რომ სწორედ კანონიერი ხელისუფლების დამხობამ და გამსახურდიას განდევნამ დაუდო სათავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, სიღატაკეს, უკანონობას და, ასევე, დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს.