საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საქინფორმს აცნობა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა.
„პოლკოვნიკი ჩაჩიბაია კურირებას გაუწევს სამხედრო განათლებას და ადამიანური რესურსების მართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში კარიერული წინსვლის სისტემა ძალიან სწორად იყოს ჩამოყალიბებული. ეს არის გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესი და ჩვენ იანვარში უკვე წარმოგიდგენთ ზოგადად თავდაცვის და შეიარაღებული ძალების განვითარების იმ საშუალოვადიან მოდელს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გაწერს, თუ რა გაკეთდება და როგორი რეფორმა განხორციელდება ჩვენს უწყებაში ყოველთვე. ქართული არმია ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მოსაფერებელი ოჯახია. ის არის პოლიტიკის მიღმა და ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით იმაში, რომ ჩვენს არმიას განვითარებაში უნდა შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ხუთი მოადგილე ეყოლება.
საქინფორმის მკითხველს დამატებით ვაცნობებთ: ვლადიმერ ჩაჩიბაიას დამთავრებული აქვს თავდაცვის აკადემია საქართველოში, მიღებული აქვს უმაღლესი სამხედრო განათლება აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში (ეს უმაღლესი სასწავლებელი სულ რამდენიმე ქართველს აქვს დამთავრებული და მათგან სამი – გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ერთად იმუშავებენ გაერთიანებულ შტაბში); გავლილი აქვს სამხედრო კურსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დაჯილდოებულია მედლებით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და II ხარისხის ორდენით „უმწიკვლო სამსახურისთვის“.
ვლადიმერ ჩაჩიბაია ოცი წლის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში. იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 2004 წელს მეთაურობდა ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში.