აქტუალური
ახალი – სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი

1-biujet-QARTULI-aqtualuri1საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური ატყობინებს, პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო ბიუჯეტი – წინა მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც  უმოკლეს ვადაში (ორ თვეში) გახდა სოციალურად ორიენტირებული.

წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებლის დასაწყებად საქართველოს ახალმა მთავრობამ არსებული საბიუჯეტო პროექტის ძირითადი მიმართულებები შეცვალა. გარკვეული ხარჯების შემცირებისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება.

დღეს ქვეყანას აქვს ახალი, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

2013 წლის ბიუჯეტში  მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი სფეროების დაფინანსება:

საპენსიო უზრუნველყოფა

– 1 აპრილიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია გაიზრდება 67 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიამდე და გახდება 125 ლარი;

– 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია გაიზრდება 20%-ით, გაუტოლდება საარსებო მინიმუმს და გახდება 150 ლარი;

– ინვალიდობის პენსია 70 ლარი გაიზრდება  42%-ით;  გახდება 100 ლარი;

– მარჩენალდაკარგულების პენსია 55 ლარი გაიზრდება 81%-ით;  გახდება 100 ლარი;

– პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარი გაიზრდება 81%-ით; გახდება 100 ლარი;

საყოველთაო დაზღვევა

2013 წლის თებერვლიდან ყველა ის მოქალაქე, რომელიც ამ ეტაპზე არ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით, მიიღებს მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს;

1 ივლისიდან საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტს;

საბაზისო სადაზღვევო პაკეტში შედის გადაუდებელი და გეგმური ოპერაციების, გამოკვლევების, დიაგნოსტიკასა და სხვა მომსახურების დაზღვევა.

დაუბეგრავი მინიმუმი

2013 წლიდან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, შესაძლებლობა ექნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1 800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნოს წლის დასრულების შემდგომ.

ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები

– იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარიდან გაიზარდა  92%-ით და გახდა 48 მილიონი ლარი;

– ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების ასაშენებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილია  50 მილიონი ლარი;

ცვლილება 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2013 წლის ბიუჯეტში

– ჯანდაცვის ბიუჯეტი (პრაქტიკულად) გაორმაგდა;

– სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 61.8%-ით;

– სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 39.5%-ით;

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 29.5%-ით;

– საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი გაიზარდა 25.7%-ით;

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 11.8%-ით.

2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2013 წლის ბიუჯეტში შემცირდა

– პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები;

– მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები;

– საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხარჯები;

– გუბერნატორების ხარჯები;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხარჯები;

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხარჯები;

– თავდაცვის სამინისტროს ხარჯები;

– შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯები;

– სხვადასხვა კონცერტის გასამართი ხარჯები.

2013 წლის ძირითადი რეფორმების პაკეტი

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო რეფორმებზე მუშაობა თითქმის ყველა სფეროში.

უკვე დაწყებულია მუშაობა და 2013 წელს იგეგმება

– ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეფორმა;

– შრომის კანონმდებლობის რეფორმა;

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესგარემოს გაუმჯობესება რეფორმების მიმართულებები

– საგადასახადო კოდექსის გამარტივება;

– ჯარიმების შემცირება;

ამ მიზნით:

ა) ფინანსთა სამინისტროსთან საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID; ამერიკის ხაზინა და ა.შ.) მხარდაჭერითა და მონაწილეობით, ექსპერტებისა და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან იქმნება სათათბირო საბჭო,რომელიც იმუშავებს საგადასახადო კოდექსის გამარტივებაზე;

ბ) ფინანსთა სამინისტროში ბიზნესმენებისა და ბიზნესასოციაციების მონაწილეობით შეიქმნება ფინანსთა მინისტრთან არსებული ბიზნესსაბჭო, რომელიც განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებებს;

გ) დავების საბჭოში სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა გარდა გარკვეული ვადით ასევე შევლენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს როტაციის წესით ჩაენაცვლებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეფორმების მიმართულებები

– ახალი საწარმოების დასაფინანსებლად სოფლის მეურნეობის განვითარების ერთმილიარდიანი ფონდის შექმნა;

– მომზადებულია  კანონპროექტთა პაკეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების ხელშეწყობისთვის;

– მუშავდება შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საგადასახადო შეღავათები აღნიშნული კოოპერატივებისთვის და სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული სხვა პირებისთვის.

– რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა;

– მოსახლეობის მიწის რეგისტრაციის პროგრამის შექმნა და განხორციელება;

– სოფლის მეურნეობის სფეროს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის პროგრამა; მათი ტექნიკური პერსონალის გადამზადების პროგრამა;

– სარწყავი სისტემების ინტენსიური რეაბილიტაციის პროგრამა. დასრულდა 15 მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტირება, რაც უკვე იმის საშუალებას იძლევა, რომ 2013 წლის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ მეტი ფართობი მოირწყას;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმების მიმართულებები

– მანდატურის სამსახურის სრული დეპოლიტიზაცია. სამინისტროს მიერ შემუშავებული„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტით, განისაზღვრა მანდატურის უფლება-მოვალეობები, გამოირიცხა  მანდატურის სამსახურის ჩარევა სასწავლო პროცესში და ახლა მისი მოვალეობა მხოლოდ სკოლის უსაფრთხოების დაცვაა;

– შემუშავდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი;

– იცვლება რესურსცენტრების ფუნქცია-მოვალეობები. რესურსცენტრი გაუწევს მონიტორინგს სკოლაში სწავლის პროცესს;

– იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ. 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებისთანავე 190 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირებით;

– დაიწყო მუშაობა პროფესიული განათლების აღდგენის პროექტზე;

ამასთან ერთად:

– გაორმაგდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტში

დამატებით გამოყოფილია 10.2 მლნ ლარი;

– საჯარო სკოლის პედაგოგთა საბაზო შრომის ანაზღაურება გაიზრდება თვეში 70-80 ლარით. ამისთვის ბიუჯეტში  გამოყოფილია 50 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით დაიწყო მუშაობა თვითმმართველობის რეფორმის განსახორცილებლად. უახლოეს ხანებში შემუშავდება და შეთანხმდება საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და განხორციელების ეტაპების ამსახველი დოკუმენტი.