პოლიტიკა
საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „შერატონ მეტეხი პალასში“ პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრისათვის აკრედიტაცია 150 ჟურნალისტმა გაიარა. პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს მეორედ შეხვდა.
საქართველოს პრემიერმა კომენტარი გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებაზე იმის შესახებ, რომ იგი მზადაა, საქართველოს დაუჩოქოს და დსთ-ში დაბრუნება სთხოვოს. პრემიერის განმარტებით, მსგავსი საკითხი არ განიხილება.„დსთ-ში დაბრუნების მსგავსი არაფერი განიხილება, მაგრამ განიხილება ის, რომ ჩვენს ყველა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან, რომელიც დსთ-ის წევრია, გავამყაროთ ურთიერთობები. ამისთვის ნებისმიერ ფორმას გამოვიყენებთ, რომელიც ხელს არ შეუშლის ჩვენს სტრატეგიას – ევროპულ ინტეგრაციას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერი შეეხო დავოსში რფ-ის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც და განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა, ჯერ საამისო მზაობა არ არის.
„რაც შეეხება დავოსში შეხვედრის შესაძლებლობას რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან, კონკრეტული არაფერი არ გაგვაჩნია, მე არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერ მზაობა არაა ამისთვის, უნდა იყოს მზაობა. ალბათ, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ მოხდეს შეხვედრა მაღალ დონეზე. ჩემი გადმოსახედიდან, ეს ნაადრევი იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ არ ვმუშაობთ აქტიურად ამ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ივანიშვილმა.