მერაბიშვილი ადეიშვილის დაბრუნებას და ჩვენების მიცემას არ გამორიცხავს
საქართველო, 24 დეკემბერი,
საქინფორმი. ყოფილი შს მინისტრი, ექს-პრემიერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი
ვანო მერაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში დაბრუნდეს და ჩვენება მისცეს. ამის შესახებ ის „კვირის პალიტრასან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ისიც ვიცი, სად არის, თუნდაც, ადეიშვილი. არ გამოვრიცხავ, დაბრუნდეს და მისცეს ჩვენება“, – ამბობს მერაბიშვილი.
როგორც ექს-პრემიერი აცხადებს, მას ყველა ყოფილ მაღალჩინოსანთან აქვს კონტაქტი, ვინც კი არჩევნების შემდეგ საქართველოდან წავიდა. მისი განცხადებით, ისინი რომ საქართველოში დარჩენილიყვნენ, თავიანთ უდანაშაულობას დაამტკიცებდნენ. „ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცეს. ყველას განსხვავებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. მე მყარი ფსიქიკა მაქვს. სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში ვიცხოვრებ. ისინი რომ საქართველოში დარჩენილიყვნენ, თავიანთ უდანაშაულობას დაამტკიცებდნენ. ვინც ქვეყნიდან წავიდა, მათ დაატეხეს ბრალდებები“, – აცხადებს მერაბიშვილი.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებებს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, ექს-პრემიერის თქმით, „ოქრუაშვილს უკვე ყველაფერი ნათქვამი აქვს“.
მერაბიშვილის განმარტებით, მათ ბოლო ერთი წელია, აღარ ჰქონიათ კარგი ურთიერთობა. ოქრუაშვილი თავად გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“: „ახსნას ვერ ვპოულობ, რა დაემართა. ირაკლიზე ეჭვი არასდროს გამჩენია, რადგან ჩვენ უმძიმეს დროს ერთად ვიყავით. ჩემი და ადეიშვილის რეკომენდაციით გახდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ჩვენ ერთად ვიყავით მძიმე წუთებში – რევოლუციის დროს, აჭარაში, კოდორში... ძალიან გამიკვირდა, როცა ჩვენს გუნდს გაემიჯნა. დიახ, ოქრუაშვილი თავად გაგვემიჯნა, გუნდი არ გამიჯვნია მას“.