საზოგადოება
„საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის“ დახმარებით რუსულ ბაზარზე 20 ქართული კომპანია დაბრუნდება

1-eqsporti-sazogadooo2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან ატყობინებენ, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა, „საქართველოს ექსპორტიორთა კავშირს“ უკვე მიმართა 20-მა მწარმოებელმა კომპანიამ. საკუთარი პროდუქციის რუსეთში გატანის სურვილი ღვინის 18-მა კომპანიამ გამოთქვა, 2 კი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელია.

„საქართველოს ექსპორტიორთა კავშირი“ განაგრძობს ქართული კომპანიების ხელშეწყობას და მზადყოფნას გამოთქვამს, რუსულ ბაზარზე დაბრუნებაში დაეხმაროს ყველა დაინტერესებულ მწარმოებელს. ამისთვის საჭიროა, კომპანიებმა მიმართონ კავშირს და მიაწოდონ ლიცენზიისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს „საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის“ მსგავსი სახელწოდებით და დაპირებით რეგისტრირდება ბევრი ორგანიზაცია. „განვმარტავთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2011 წლიდან თანამშრომლობს „როსპოტრებნადზორთან“ და ამზადებს ქართული კომპანიების დოკუმენტაციას შესაბამისი ნებართვის მისაღებად“, – აცხადებენ „საქართველოს ექსპორტიორთა კავშირში“.