პოლიტიკა
საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 23 დეკემბერს, „ექსპჯორჯიის“ საგამოფენო დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენცია ჩატარდა.
მოწვეულ სტუმრებს, „ნაცმოძრაობის“ წევრებსა და მომხრეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებლობაზე, ევროპულ მომავალზე და ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა. მან ყურადღება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც გაამახვილა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრინციპები და სამოქმედო გეგმა თანასწორობას, ტოლერანტობას, მრავალეთნიკურ, რელიგიურად მრავალფეროვან და ღია საქართველოს ეფუძნება, თანამედროვეობასა და გამჭვირვალობას, მერიტოკრატიას, თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის, საზოგადოებრივ წესრიგსა და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, კანონის უზენაესობასა და დანაშაულთან ბრძოლას. „ჩვენ პატრიოტები ვართ და ჩვენ ვართ ყველაზე პატრიოტული პარტია საქართველოში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.საპატიო სტუმრის რანგში კონფერენციას დაესწრო ვიტალი კლიჩკო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ყურადღება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე გაამახვილა. კონფერენციის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „უდარს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.
სააკაშვილმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრების ხელისშემშლელ მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილის, ხეთაგურის, გვარამიასა და სხვა პირთა დაკითხვა-დაპატიმრებები ევროკავშირში გაწევრებას შეუშლის ხელს. პრეზიდენტმა სტალინის ძეგლის აღდგენის იდეა დაგმო და ისიც ევროკავშირში გაწევრების ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნია.