სამართალი
აჭარაში ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

1-narkot-samarTaaa2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ფაქტებზე ბათუმში მცხოვრები მამუკა ბ. დააკავეს.

სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული საკუთარ სახლში დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა და დაუდგენელი პირისთვის მისი ნაწილის გადაცემას აპირებდა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 1891 აბი  ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი „კოდეტერპი“ ,  ორლულიანი გადაჭრილი თოფი და 18 ვაზნა.

ექსპერტიზამ დაადგინა,  რომ ამოღებული აბები  15,128 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „კოდეინს“ შეიცავს.

ექსპერტიზამ,  ასევე, დაადგინა, რომ მამუკა ბ.-ს სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისია.

გაირკვა, რომ ბრალდებული წარსულში, ასევე, ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ამჟამად მას ბრალი 260-ე  მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

შსს-ის ინფორმაციით, მამუკა ბ.-ს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.