პოლიტიკა
ივანიშვილი გვარამიას საქმეზე რაიმე შეცდომას არ გამორიცხავს

1-ivaniSvi-poli2საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით რაიმე შეცდომას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა: ჩემი, ერთი ადამიანის, და პოლიტიკოსის, პოზიციაა, რომ უკეთესი იქნებოდა, არ აეყვანათ და კარგი იქნება, თუ სასამართლო გირაოთი გამოუშვებს, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი“.

პრემიერი თავის პოზიციას აფიქსირებს და ამბობს: იმ აჟიოტაჟის პირობებში, რის გამოწვევასაც ესენი მაინც ახერხებენ, უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ აეყვანათ და კარგი იქნება, რომ სასამართლომ გაათავისუფლოს. ამის ფორმები ხომ არსებობს?! მაგრამ კბილაშვილმაც და წულუკიანმაც კარგად იციან, რომ პრინციპულად ვიცავ სუბორდინაციას და არ ჩევერევი“.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არ შეუსწავლია ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირთა საქმე, თუმცა, აცხადებს, რომ ენდობა მის მიერ წარდგენილ მთავარ პროკურორსა და მინისტრებს:

„ცხადია, არ გამოვრიცხავ, რაიმე შეცდომაც იყოს, მაგრამ თუ შეცდომაა, ეს გამომჟღავნდება და სისტემა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვისაც შეცდომა მოუვიდა, ის დაისაჯოს. მაგრამ გარწმუნებთ, რომ დაკვეთა არცერთ შემთხვევაში არ მოდის ჩემგან და არ მოდის პოლიტიკიდან“.

ამასთან, პრემიერის თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება არ უკავშირდება „რუსთავი 2“-ში მის გენერალურ დირექტორობას:

„გვარამია ორი კვირაა, რაც ტელევიზიის დირექტორია და ამ ხნის განმავლობაში ნორმალური მენეჯერი ვითარებაში გარკვევას ვერ მოახერხებდა. თანაც, „რუსთავი 2“-ს ვინ რის თქმას უკრძალავს? ეს თქვეს ამერიკისა და ევროპისთვის, რომ, აი, თავისუფალ ტელევიზიას ესხმიან თავს... ჯერ როგორი თავისუფალი ტელევიზიაა „რუსთავი 2“ და ამასთან დაკავშირებით რამდენი კითხვაა, ხომ კარგად ვიცით? ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ეს სააკაშვილის ტელევიზიაა“...