საზოგადოება
წმიდა სინოდმა პატრიარქი „წმიდა გიორგის“ ოქროს ორდენით დააჯილდოვა

1-patriarqiiსაქართველო, 21დეკემბერი, საქინფორმი. წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, რომლის სხდომაც გუშინ, 20 დეკემბერს, გაიმართა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე „წმინდა გიორგის“ ოქროს ორდენით დაჯილდოვდა.

„წმიდა სინოდმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს და ერთხმად დაადგინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაბადების 80 წლისთავსა და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი: წმიდა გიორგის ოქროს ორდენით“, – აღნიშნულია წმიდა სინოდის მიერ მიღებულ ოქმში.