აქტუალური
ივანიშვილი: „არჩევნების არ გვეშინია – ჩვენ ხალხს ვესაუბრებით და ვიცით ხალხის განწყობა“

1-biZinaaa-aqtuaaa1საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს „რეზონანსთან“ საუბრისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი პრეზიდენტი იტყვის, რომ მას პარლამენტის დათხოვნა სურს და ამის ბერკეტი არ გააჩნია, საპარლამენტო უმრავლესობა თავად მისცემს ამის შესაძლებლობას. პრემიერის თქმით, ქართულ ოცნებას ამის არ ეშინია და არჩევნების ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს, რადგან ახალ ხელისუფლებას, ძველისგან განსხვავებით, რეალური რეფორმების გატარება აქვს დაწყებული და არა – ფასადურის.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ უფლების გამოყენებას სამთავრობო კრიზისის შექმნის თაობაზე, ივანიშვილი ამბობს, რომ ჯერ ერთი, ვერავითარ სამთავრობო კრიზისს ვერ შექმნის. პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს დაითხოვოს მთავრობა და პრეზიდენტს დასამტკიცებლად ახალი წარუდგინოს. მაგრამ ძველი ასრულებს მოვალეობას იქამდე, ვიდრე პარლამენტი ახალს დაამტკიცებს. მეორეც, პრეზიდენტი ვერ გამოიწვევს კრიზისს ვერც აპრილში, როგორც ისინი აპელირებენ, რამდენადაც მას შეუძლია, სამჯერ წარუდგინოს მთავრობა და დათხოვის უფლება აქვს აპრილში, სამი კვირის განმავლობაში.

მაგრამ თუკი ხვალ პრეზიდენტი გამოვა და იტყვის, რომ მას დღეს არა აქვს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა და ეს მიეცემა აპრილში, მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ხვალვე გავყვებით, პარლამენტში უმრავლესობა არ შევა და ჩავატარებთ ახალ არჩევნებს. როდესაც უნდა, მაშინ თქვას და ამით ნუ გვაშინებენ. ჩვენ არჩევნების არ გვეშინია, რადგან ხალხს ვესაუბრებით და ვიცით ხალხის განწყობა. ნუ ჰგონიათ, რომ მხარდაჭერას ვკარგავთ. პირიქით, უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს და უფრო მეტ ხმას მოვიპოვებთ იმიტომ, რომ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს და ყველაფერს მოვაგვარებთ“.