პოლიტიკა
სააკაშვილმა მთავრობას მოუწოდა, რუსეთთან კომპრომისზე არ წავიდეს

1-mikheil-saakashსაქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ნეგატიურად აფასებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის საქმიანობას, გუშინ, 20 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, კარასინი-აბაშიძის შეხვედრისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას, განუმარტა ახალ მთავრობას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება საქართველომ მოლაპარაკებები აწარმოოს ჩრდილოელ მეზობელთან. ჩვენ მივესალმებით რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას, თუ ეს ეფუძნება პრინციპებს. მთავარი პრინციპი არის საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნისთვის ყველაზე სახიფათო სიტუაცია რუსეთთან პირისპირ დარჩენაა.

დღეს მე მოვისმინე ვლადიმერ პუტინის ცოტა დამცინავი ლაპარაკი. როცა მიდიხარ ასე, რომ ძალიან გჭირდება რუსული ბაზარი, ცხადია, მან თქვა ის, რასაც ვვარაუდობდი მაგათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენ ეგენიო. როცა ასე მიდიხარ, რომ აჰა, მოვედი, გეახლე, დაგიჩოქე, შენი ვარ, რა თქმა უნდა, გეტყვან გინდა რაღაცა? მოდი დამელაპარაკე. ეს გინდა? მაშინ ეს მიიღწევა ამ ფასად, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვა იყო პირველი, რაც რუსეთმა მოითხოვა და, შესაძლოა, ამჟამინდელმა მთავრობამ ეს მოთხოვნები შეასრულოს, მაგრამ ეს იქნება ძალიან სახიფათო თამაში, რადგან შესაძლოა, ქვეყანამ მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა დაკარგოს.

„ამდენი წელი ვიბრძვით, რომ სიტყვა „ოკუპაცია“ დავამკვიდროთ. ეს ჩემი ახირება ხომ არ არის? ეს არის ის, რომ სადაც არის ოკუპაცია, იქ აუცილებლად მოხდება დეოკუპაცია. როცა ჩვენ თვითონ ვიტყვით ტერმინ „ოკუპაციაზე“ უარს, ლომის ხახაში გვაქვს თავი შეყოფილი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.