„ხშირად ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროსაც იჭერდნენ ხალხს. ჯერ ერთი, ციფრებს და რაოდენობას შეხედეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამ რაოდენობის დაპატიმრებები აქ ყველაზე რთულ ეპოქაშიც კი არ ყოფილა. როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიჭირეს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, იმ ადამიანმა ჩააბნელა საქართველო და ფულს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოში არ ყოფილიყო დენი, ახლა კი დაიჭირეს ალეკო ხეთაგური, რომლის გამოც საქართველოში დენია, რომლის გამოც ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა“, – აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა.
სააკაშვილის თქმით, დაკავებები განახორციელეს „ოროსნებმა, რომლებსაც ორი წიგნიც არ აქვთ წაკითხული და მარტო დოლარის თვლა იციან“. ამასთან, „მომპარავი გამოდის ციხიდან, კორუმპირებული ზის კაბინეტში და იჭერენ მას, ვინც ებრძოდა კორუფციას და კრიმინალს“.
„ესაა სამართლიანობა, რისი აღდგენისკენაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ?“ – იკითხა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ამ ყველაფერს უთუოდ მოჰყვება შედეგები და მოჰყვა კიდეც – რუსთავში გზის, პარკის და სპორტის სასახლის მშენებლობა გაჩერებულია. აჭარაში ყველა სოციალური პროგრამა შეჩერდა.
„ეს ხალხი საერთოდ სხვა, პარალელურ სამყაროში არსებობდა, სად იზრდებოდა, რა ფასეულობებით სუნთქავდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.