სამართალი
სააკაშვილი: „საქართველოში ვერავინ ვერ დაამყარებს იმ რეჟიმს, რომელსაც ისინი ესწრაფვიან!“

1-saakaa-samarTali2საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „რუსთავი 2-“ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე მოწმის სახით დაიბარეს. იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით, ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, ყოფილ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. როგორც ჯერჯერობით იკვეთება, გამოძიების კითხვები არ უკავშირდება მის მოღვაწეობას ტელეკომპანიაში. თუმცა მისი დაკავების ფაქტი საზოგადოებაში აღქმულ იქნა თავისუფალ მედიაზე ზეწოლად.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას დაკავება თავისუფალ მედიასაშულებაზე ზეწოლის ფაქტად შეაფასა და აღნიშნა: „ძალიან ჩქარა დამთავრდება და ძალიან ცუდად ყველაფერი იმათთვის, ვინც ამას აკეთებს. მე მინდა, ისინი გავაფრთხილო: საქართველოში ვერავინ ვერ დაამყარებს იმ რეჟიმს, რომელსაც ისინი ესწრაფვიან და სახიფათო ზღვართან ძალიან ახლო არიან. ამას ვამბობ როგორც პრეზიდენტი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე“.

საგანგებო განცხადებაში პრეზიდენტი აღნიშნავს: „მე ვითხოვ თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, ისევე, როგორც შეწყვეტას ამ უკანონობის, აღკვეთას და პასუხისმგებლობას იმ პირების, ვინც ამას სჩასდის. მინდა, გამოვთქვა არა მხოლოდ იმედი, არამედ ზუსტი რწმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად და ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე მათ ჰგონიათ“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე თვლის, რომ ნიკა გვარამიას დაკავების საჭიროება არ იყო და ის მზადყოფნას გამოთქვამს, მას თავდებად დაუდგეს. „ნიკას თავდებად დავუდგები ყველაფერში. შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ მის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება. ეს ყველაზე ცუდი ნიკოლოზობა იყო ჩემს ცხოვრებაში“, – წერს იგი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე.