საზოგადოება
„ჩამოვიდეს ბიძინა და გაგიკეთოს!“

1-quTaisi-sazogadoeba1საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, გუშინ, 19 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან, რომლის მშენებლობისთვის სამი წლის წინ ამ ადგილზე „დიდების მემორიალი“ ააფეთქეს, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა და იქ შეკრებილმა ქუთაისის მოსახლეობამ საქართველოს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდეს.

გუშინვე მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა. მან თვითმართველობისა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სააკაშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდა.
თუმცა სააკაშვილს ქუთაისში ხმაურით დახვდნენ. ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისთან, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდებოდა, პარალელურად მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა დასრულდა და პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის შენობას ტოვებდა. იქ შეკრებილი ხალხის ნაწილი ესკორტს დაედევნა და ხმაურითა და საპროტესტო შეძახილებით გააცილა. ეს ფაქტი სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტის ესკორტზე თავდასხმად შეაფასა.

შენობიდან გამოსულ საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერ შეკამათებას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ქუჩაში ფეხით გადაადგილებისას უმცირესობის წევრებს – აკაკი მინაშვილს, მარიამ საჯაიას, კობა სუბელიანს – აქციის წევრები გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ და წინასაარჩევნო დანაპირებს ახსენებდნენ. მოსახლეობა, ძირითადად, აქცენტირებდა დანგრეულ გზებსა და გაუსაძლის პირობებზე, რასაც ქუთაისის ყოფილმა მერმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი თევდორაძემ მოკლედ უპასუხა: „ბიძინა ჩამოვიდეს, ახლა, ბიძინა. სანიაღვრეს გიკეთებდით, წყალს... ჩამოვიდეს ბიძინა და გაგიკეთოს!“

კობა სუბელიანი მშვიდად უსმენდა აქცვიის მონაწილე ქალბატონის აღშფოთებულ მიმართვას – „სვანი მაინც არ იყო, არ გაგაჩნია სვანური სიამაყე?!.“

მოგვიანებით ქუთაისის ინციდენტს შეფასება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ისე პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მხრიდან.