გუშინ, 2012 წლის 19 დეკემბერს, 13:00 საათზე, ძველი თბილისის ცენტრში – ხუთვარსკვლავიანი ოტელი „ამბასადორის“ (Ambassador Hotel in Tbilisi) საკონფერენციო დარბაზში – არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ მის მიერ გამოცემული მორიგი წიგნის – „ლეკიანობა“ – პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ წიგნის სარედაქციო კოლეგიის წევრები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ექსპერტები. პრეზენტაციამ თბილ გარემოსა და საინტერესო საუბრებში ჩაიარა, მოწვეულმა სტუმრებმა თავისი აზრი გამოთქვეს ახალგამოცემული წიგნის თემატიკის შესახებ.წიგნი „ლეკიანობა“ წარმოადგენს ცნობილი ქართველი მეცნიერების – აკადემიკოსების, პროფესორების, მეცნიერებათა დოქტორების – სტატიების კრებულს, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ჟურნალ „ისტორიულ მემკვიდრეობაში“: ისტორიკოსები, ეკონომისტები, აგრეთვე, ცნობილი პუბლიცისტები, დოკუმენტური ისტორიული მასალის საფუძველზე იკვლევენ საქართველოს ისტორიის ამ საშინელ პერიოდს.
გამოცემაში თავმოყრილია შემდეგი სამეცნიერო პუბლიკაციები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის დ. მეგრელიძის „ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიიდან“, „ერეკლე მეორეს წერილი რუსეთის მინისტრის პანინის მიმართ“, „ერეკლე მეორეს წარდგინება რუსეთის იმპერატორ პავლე პირველისადმი“; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის თ. ბოცვაძის „საქართველო-დაღესტნის ურთიერთობების ისტორიიდან (XV – XVIII ს.ს.)“; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის ვ. ითონიშვილის „უცხოელთა ავაზაკობა საქართველოში“, „პოლიტიკურ წინააღმდეგობათა სახიფათო კვანძი“, „მრისხანე XVIII საუკუნე: ყიზილბაშობა და ლეკიანობა“, „ლეკიანობა კახეთში“, „კათოლიკე მისიონერები საქართველოში“, „რუსეთის ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ XIX საუკუნის 40-50-იან წლებში“, „შამილი და ლეკთა თავდასხმები“, „ჰაჯი მურატი და მ.ს. ვორონცოვი, რუსეთის პროტესტები პორტასადმი ლეკ-ოსმალთა ქართლზე თავდასხმის გამო“, „შეიხი მანსური და ოსმალთა კავკასიური ავანტიურა“; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის სერგო ხოსიტაშვილის „პირველი ქართულ-რუსული საბრძოლო ოპერაციები“; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ა.ვ ხარაზევიჩის „დონის კაზაკთა ნაწილები ლეკთა თავდასხმებისაგან საქართველოს დასაცავად 1801-1804 წლებში“, „დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა XVIII საუკუნეში“, „აღმოსავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა XVIII ს. მეორე ნახევარში“; ქართველი პოეტის, პროზაიკოსისა და პუბლიცისტის ალექსანდრე ორბელიანის წერილი „დაღისტანიდგან ლეკების გამოსვლა და სხვა ამბები“, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა გუგუშვილის „ტყვეებით ვაჭრობა საქართველოში“ და მთარგმნელი პუბლიცისტის ბეჟან გიორგაძის წერილი „სამი ქართველი ქალის ამბავი“ (ფრაგმენტი).
„ლეკიანობა“ – ქართულად ასე ჰქვია მთლიანობაში ჩრდილოკავკასიელი მთიელების (ლეკების, დაღესტნელების, ჩეჩნების, ინგუშების და სხვა.) თავდასხმებს საქართველოზე, ბევრად უფრო გამაპარტახებელს, ვიდრე ყიზილბაშთა მომთაბარე ტომების ლაშქრობები იყო.
საქართველოს მათზე ვერაგი და სასტიკი მტერი, ალბათ, არც ჰყოლია – მათმა თავდასხმებმა მე-18 საუკუნეში ათასობით სიცოცხლე შეიწირა, ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობის რიცხოვნობა 200 ათასამდე შეამცირა და მთლიანად გაანადგურა აყვავებული მეურნეობა. ოსმალეთის იმპერიის მმართველებმა მაშინ შეგნებულად დაიწყეს მზადება საქართველოს განადგურებისთვის – ქართველების წინააღმდეგ ჩრდილოკავკასიელთა კომბინირებულად ამოქმედებისთვის საჭირო იყო ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთისთვის რაიმე საფრთხის შექმნა, რათა საბედისწერო საათს მეფე ერეკლე მეორეს იქიდან დახმარების მიღება არ შესძლებოდა.
როგორც ცნობილია, ლეკები გატაცებულ ტყვეებს მეურნეობაში ვერ იყენებდნენ, ამიტომ ტყვეები მიჰყავდათ „ამანათებად“ ე.ი. იმ მიზნით, რომ ისინი დაეხსნათ პატრონებს. ასეთი მიზნით იტაცებდნენ ტყვეებს იმ დრომდე, ვიდრე მათ ფართო გასაქანს მისცემდა ოსმალეთის ტყვეების ბაზარი... ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ მოვლენას (ჩრდილოკავკასიელების თარეშს, – რედ.) ვუწოდოთ „ლეკიანობა“, ანალოგიურად „ჭირიანობისა“, შიშიანობისა“, „ომიანობისა“ და სხვ.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძემ „საქინფორმთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გამოცემაზე წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა მუშაობა და გამართული წიგნის პრეზენტაცია მიზნად ისახავდა მის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
ტარიელ გაგნიძე: „ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა წიგნი „ლეკიანობა“. ამ წიგნში საქართველოს ისტორიაში „შავ ლაქად“ ცნობილი მოვლენების ამსახველი ინფორმაციაა თავმოყრილი. ეს არის, ძირითადად, XVI -XVII- XVIII საუკენეების ამსახველი მასალები, როდესაც საქართველოში ჩრდილოეთკავკასიელი ტომები ლაშქრობდნენ, რამაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ ქართველი ერის ფიზიკური გადაშენების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნული ვითარებიდან საქართველომ თავის დაღწევა მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში შემოვიდა, დაიმორჩილა ადგილობრივი ტომები და რეგიონში წესრიგი დაამყარა. მხოლოდ რუსეთთან კავშირის შედეგად გახდა შესაძლებელი ქართველი ერის გამაჩანაგებელი უბედურებისგან დაცვა“.
„ლეკიანობის“ და ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობის“ პასუხისმგებელი რედაქტორი დარეჯან ანდრიაძე: ამ წიგნის გამოცემის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ჩრდილოკავკასიელების მიმართ ერთგვარი მოფერების პოლიტიკა დაიწყო – რომ თითქოს ჩვენ ვართ ისტორიული მეგობრები და ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მათთან. ამით სააკაშვილის ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა რეალურ, ჭეშმარიტ ისტორიას. სწორედ მაშინ გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ გამოცემულიყო წიგნი, სადაც ასახული იქნებოდა რეალური ფაქტები ყოველგვარი „შელამაზების“ გარეშე. პირველ ეტაპზე ჟურნალ „ისტორიულ მემკვიდრეობაში“ ჩვენ დავიწყეთ მასალების – სხვადასხვა ისტორიულ დოკუმენტების – გამოქვეყნება. მოგვიანებით, როდესაც უამრავი მასალა დაგვიგროვდა, მისი წიგნად გამოცემა გადავწყვიტეთ. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ძველი მტრობის გახსენება, ერთადერთი სურვილი გვამოძრავებდა, რომ ჭეშმარიტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ.
პრეზენტაციის ერთ-ერთი სტუმრის, გაზეთ „ილორის“ მთავარი რედაქტორის როლანდ ჯალაღანიას განცხადებით, საქართველში დაწყებულმა ლეკიანობამ განაპირობა იმ დროს ჩვენი ქვეყნის მიერ გაკეთებული არჩევანი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საგარეო კურსი ჩრდილოეთზე იყო ორიენტირებული. ლეკიანობამ ქვეყანა ძალიან დაასუსტა. თუკი საქართველო ადვილად იგერიებდა სხვადასხვა დამპყრობლის ორგანიზებულ შემოტევებს, ლეკიანობა სწორედაც რომ ყაჩაღური თავდასხმა იყო, რომლისგანაც თავდაცვას სჭირდებოდა რეგულარული არმია. სამწუხაროდ, საქართველოს იმ პერიოდში ასეთი არმიის რჩენა არ შეეძლო. მხოლოდ რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ გახდა შესაძლებელი სპა გამხდარიყო დაქირავებული ჯარი, რომელიც იბრძოლებდა ამ ყაჩაღური თავდასხმების წინააღმდეგ.
წიგნი „ლეკიანობის“ გამოცემა სწორედაც რომ დროული იყო. თუკი ახალ თაობას არ ეცოდინება საქართველოს რეალური წარსული, ის ვერც ღირსეულ მომავალს შექმნის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 8 წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებაში იყო, რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. შავ პიარს აწარმოებდა – თითქოს რუსეთმა არაერთხელ დაიპყრო საქართველო და ა.შ. თუ კარგად გავიხსენებთ, მე-18 საუკუნეში სწორედ საქართველო ემუდარებოდა რუსეთს, რომ შემოსულიყო რეგიონში და დაეცვა ქართველი ერი ჩრდილოკავკასიელი ტომების ძალადობისგან. მომავალმა თაობამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს. წიგნი „ლეკიანობა“ ახალ თაობას განწყობას კი არ შეუქმნის, არამედ შეულამაზებლად მიაწვდის ინფორმაციას და ახალგაზრდებმა თავად უნდა გააანალიზონ საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის ფაქტები. რაც უფრო მეტად ჩახედულია ადამიანი საკითხში, მით უფრო ობიექტური იქნება იგი მომავლის დაგეგმვაში.
გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ვიქტორ ცაავას მოსაზრებით, წიგნი აქტუალურია იმით, რომ ისტორიის ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტომები თარეშობდნენ, არცთუ ისე გავრცობილად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ამ წიგნით მკითხველი დაინახავს, თუ რა ნეგატიურ როლს თამაშობდა ჩრდილოკავკასიელი მომთაბარეები საქართველოს ყოფაში. ამიტომ ლეკიანობაზე წიგნის გამოცემა საზოგადოებას დაეხმარება, გაათვითცნობიეროს მომავალი საფრთხეების შესაძლებლობები.
სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ კოორდინატორი ზაურ გახარია: „ხშირია ფაქტები, როდესაც ცდილობენ ისტორიის გადაწერას და ცვლილებების შეტანას. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ წიგნში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა უტყუარ ფაქტებს. როგორც თქვენ იცით, ეს არ არის ერთი ავტორის წიგნი. „ლეკიანობაში“ თავმოყრილია რამდენიმე მეცნიერის ნაშრომი. აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები („ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ) და მათი მხარდამჭერები ხშირად უკმაყოფილებით ამბობდნენ, რომ თავის დროზე ერეკლე მეორემ დაუშვა შეცდომა, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი. ეს არის სრული სიბრიყვე. ლეკიანობამ გაანადგურა კახეთი და საკმაოდ სწრაფად იკიდებდა ფეხს საქართველოს სვხადასხვა რეგიონში. სწორედ ამ ფაქტმა გადააწყვეტინა ერეკლე მეორეს „ნაბიჯის გადადგმა“ ქრისტიანული რუსეთისაკენ. დღეს საქართველოს ისტორიიდან ამ ფაქტების ამოშლა სურთ. ამჟამად წიგნის მცირედი რაოდენობა გვაქვს და ვგეგმავთ კახეთის სკოლებში დარიდებას, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს შესაძლებელი გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით. „ლეკიანობის“ გამოცემა აუცილებელი, აქტუალური და დროული იყო. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, თუ რა ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას ჩრდილოკავკასიელ ტომთა შემოსევებმა“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წიგნმა „ლეკიანობამ“ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოცემაში განთავსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან მასალაზე აქტიური მსჯელობა პრეზენტაციის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
შეხვედრის დასასრულ მოწვეულ სტუმრებს დაურიგდათ ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობის“ ამ ღონისძიებისათვის მომზადებული სპეციალური ნომერი.
მოამზადა ნატა წერეთელმა
საქინფორმი