საზოგადოება
ზაქარია ქუცნაშვილი: „პრეზიდენტი ამჯერადაც აგონიაშია“

1-zaqro-sazogadoebaa1საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე წუთიერი დუმილი მიაგეს ქუთაისის ახალი პარლამენტის შენობის ადგილას დიდების მემორიალის აფეთქებისას დაღუპულთა ხსოვნას. ამასთან, სააკაშვილის განცხადებას „მნგრეველთა ბრიგადების“ მოსვლაზე პარლამენტის წევრებიც გამოეხმაურნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა: „როცა მნგრეველებზე საუბრობს, მე მახსენდება ეს ადგილი. რამდენიმე წლის წინ ააფეთქეს მეორე მსოფლიო ომს შეწირული ვაჟკაცებისთვის არსებული მემორიალი, რომელსაც შეეწირა დედა-შვილი. ეს იყო სააკაშვილის დანგრეული ისტორია“. ამასთან, მან ნგრევასთან დაკავშირებით გაიხსენა თაბუკაშვილის ქუჩაზე კერძო მესაკუთრეების მიერ აშენებული სახლის ძალადობრივი გზით დანგრევა, რიყეზე უამრავ კერძო მესაკუთრეთა საკუთრების მიწასთან გასწორება. თალიბებთან დაკავშირებით კი ქუცნაშვილმა აღნიშნა: „თალიბები მსოფლიოში ასოცირდებიან პოლიტიკური მიზნების ძალადობრივი გზით მიღწევასთან. ჩვენ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არცერთ პარლამენტში არ შევვარდნილვართ ძალით და არცერთი ადმინისტრაციული შენობა არ დაგვიკავებია ძალით. ასე რომ, პრეზიდენტი ამჯერადაც აგონიაშია“.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, ისინი აპელირებენ სოციალურ პრობლემებზე, ტარიფების განახევრებაზე, ბენზინის გაიაფებაზე, საბანკო კრედიტების დაფარვაზე. გოკა გაბაშვილის თქმით, „ამის ნაცვლად თუ მთავრობა დაკავებული იქნება უკვე აშენებული თანამედროვე შენობების ნგრევით, ამით კარგს ვერაფერს მიაღწევს“.